Crystal-ი, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო, ახალ პროდუქტებზე მუშაობს. ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" კომპანიის კომერციული დირექტორმა, მელანია კუჭუხიძემ ისაუბრა.
"იქნება ბევრი ახალი პროდუქტი, მათ შორის სტანდარტული საბანკო პროდუქტები, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშები, ბარათები და ა.შ. თუმცა სიახლეებიც დაგეგმილი გვაქვს", - აღნიშნა მან.
ამასთან, "კრისტალმა" ბაზარს ახალი საინვესტიციო პროდუქტი, მონეტა შესთავაზა.
მისივე ცნობით, ახალი საინვესტიციო მონეტა როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებისთვის განკუთვნილი შეთავაზებაა, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელი ბაზრის სხვა შეთავაზების საშუალო მოგების 2.5%-ით მეტ სარგებელს მიიღებს, რაც ბანკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
“როგორც ყველა კომპანია, ჩვენ დაფინანსების წყაროები სხვადასხვა გვაქვს, მათ შორის, ადგილობრივი. თუმცა, ესენი მსხვილი კომპანიები არიან. ამასთან, ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. თუმცა, ფიზიკური პირების მხრიდან მოზიდული სახსრების მიღების შესაძლებლობა თითქმის არ გვქონია და ამ მიმართულებით პორტფელი არ იყო დივერსიფიცირებული. შესაბამისად, ჩვენი "გაბანკების" მიზანი, სწორედ პორტფელის დივერსიფიკაცია იყო. მონეტა მომხმარებელს ცოტა ადრე შევთავაზეთ. ბანკის ლიცენზიის მიღებისთვის ვემზადებოდით, რომ შემდეგ, მომხმარებლებისთვის მასიურად შეთავაზებები გაგვეკეთებინა.
მონეტა როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. თუმცა, პორტფელის დივერსიფიცირებისთვის აქცენტს მეტწილად ფიზიკურ პირებზე ვაკეთებთ. ეს არის დაახლოებით ანაბრის ტიპის პროდუქცია. მომხმარებელს, 24 თვემდე 100 000 ლარიდან ზემოთ შეუძლია მონეტა შეიძინოს და თანხა ჩვენთან დააბანდოს როგორც ლარში, დოლარსა და ევროში. ბაზარზე სარგებლის საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, დაახლოებით 10.5%-ია. ჩვენი შეთავაზება კი 2.5%-ით მაღალი იქნება. ეს ჩვენი სტრატეგიაა, რადგან ბაზარი ჩვენ სეგმენტში საკმაოდ დიდია. დაახლოებით 26 მლრდ-მდეა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, რომ გარკვეული წილი ბაზრის ავიღოთ. თუმცა აღნიშნული შეთავაზება არ იქნება მუდმივად, ეს იქნება ლიმიტირებული", - ამბობს “კრისტალის” კომერციული დირექტორი და დასძენს, რომ 2.5%-ით მეტი სარგებლის შეთავაზება სამ წლიანი სტრატეგიის ნაწილია, რათა პორტფელის დივერსიფიცირება მოხდეს და ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრონ.
მელანია კუჭუხიძის ცნობით, ბანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, "კრისტალის" კლიენტების რაოდენობა და მათ მიმართ ინტერესი გაზრდილია.
რაც შეეხება საინვესტიციო პროდუქტს, (მონეტას) პროდუქტი უკვე და ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
“პროდუქტი უკვე ჩაშვებულია. ნებისმიერ ჩვენს ფილიალში შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს რომ მობრძანდეს, ასევე შესაძლებელია კონტაქტს ცენტრით სარგებლობაც. ამასთან ციფრულადაც ჩაშვებულია დაახლოებით 1 კვირაა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ფილიალში მოსვლის გარეშე შეუძლია რომ დისტანციურად ვერიფიკაცია გაიაროს და განაცხადი გააკეთოს”, - აცხადებს კომერციული დირექტორი