სექტემბერი საბიუჯეტო ცვლილებებით მთავრდება. მთავრობას 2019 წლის ხარჯებისთვის იმაზე მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ეს თავიდან დაგეგმა. შესაბამისად, პარლამენტი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვის მოლოდინშია. წარმოდგენილი პროექტით ერთ-ერთი მთავარი შიდა ვალის 500 მილიონი ლარით, ანუ 900 მილიონამდე ზრდაა, რაც შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული მაჩვენებელია. როგორც ბიუჯეტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, თანხა მთავრობას ძირითადად, ლარის გაუფასურების გამო გაზრდილი საგარეო ვალის ტვირთის მომსახურებისთვის, ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის და სხვა მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად სჭირდება. გაზრდილი ვალის მიუხედავად, არის ასეთი მოცემულობაც, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის ნასესხები თანხიდან წელს 370 მილიონ ლარს ვერ ითვისებს. მთავრობა განმარტავს, რომ რიგი პროექტები, მათი კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე მომდევნო წლისთვის გადაიწევს. გადავადებულ სამუშაოებში კი ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი ისევ მოხვდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით 315 მილიონი ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიდან ვიგებთ, პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, წელს ჯამში მხოლოდ 130 მილიონი დაიხარჯება. რეგიონული პროექტებისგან განსხვავებით, ჩვენს დედაქალაქს გზებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები დასჭირდა. ამიტომ ცენტრალური მთავრობა თბილისს 100 მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერს გამოუყოფს. ცენტრალური მთავრობა უყურადღებოდ არც საქართველოს პრეზიდენტს ტოვებს. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები და ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს დამატებით 2 მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსდება. საერთო ჯამში, წელს ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯები 221 მილიონი ლარით გაიზრდება. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს - როგორც ირკვევა მთავრობა აქციზის გადასახადის გეგმას ვერ დაეწია და ახლა საპროგნოზო მაჩვენებელს 175 მილიონი ლარით ამცირებს. ფინანსთა სამინისტრო შემოთავაზებული დოკუმენტით განმარტავს, რომ ამ მიმართულებით დანაკლისი 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და თუთუნის მოხმარების ზრდამ გამოიწვია. ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები წელს 10 მილიარდ 540 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით თითქმის 53 მილიონით მეტია. ეს ცვლილებები დღეს მათ შეაფასეს, ვინც ბიუჯეტის პროექტი უნდა დაიწუნოს, ან მოიწონოს.


































