მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებებია "ოვერდრაფტებსა" და მოთხოვნამდე ანაბართან დაკავშირებით - რას ითვალისწინებს სებ-ის ახალი ეთიკის კოდექსი?

621226dc88294
თამთა ჯიჯავაძე
20.02.22 16:34
7735
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრედიტების ამოღების განახლებული ეთიკის კოდექსით მოთხოვნამდე ანაბრებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის საჭირო დაშვებების სტანდარტიზება მოახდინა. სებ-ის ეთიკის კოდექსი მოთხოვნამდე დეპოზიტის ცნებასა და მახასიათებლებსაც განსაზღვრავს. ამ საკითხზე განმარტებები გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა გააკეთა.

„გავაკეთეთ სტანდარტიზება, თუ როგორ უნდა დაითვალოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოთხოვნამდე ტიპის ანაბრებზე. მოგეხსენებათ ვადიან ანაბარს აქვს კონკრეტული პირობები: ვადა, თანხა და საპროცენტო განაკვეთი წინასწარ არის ცნობილი. მაგრამ შემნახველ დეპოზიტზე, გამომდინარე იქიდან რომ თანხის მოძრაობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, აუცილებელია დაშვებების გაკეთება. აქამდე როგორ აკეთებდნენ ამას ბანკები?! სხვადასხვა დაშვებებს იყენებდნენ, თანხებს და პერიოდებს, ამიტომაც მსგავსი ტიპის პროდუქტების ერთმანეთისთვის შედარება შედარებით რთული იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაშვებების სტანდარტიზება გავაკეთეთ. 

არის ორი ტიპის სქემა, თუ როგორ შეიძლება რომ პროცენტი დაერიცხოს: თვის განმავლობაში არსებულ მინიმალურ ნაშთზე ან დღის ბოლოს არსებულ ნაშთზე. ამ შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული კონკრეტული თანხები. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს რომ სხვადასხვა ბანკში მსგავსი ტიპის პროდუქტები ერთმანეთს მარტივად შეადაროს“, - განაცხადა გზირიშვილმა.

სებ-ის მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსით ცვლილებები უკავშირდება ოვერდრაფტებს და მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც.

„მომხმარებლები ზოგჯერ ვერ არკვევდნენ, მათთვის ხელმისაწვდომი თანხიდან რამდენი იყო მათი კუთვნილი და რამდენი ოვერდრაფტიდან ასათვისებელი თანხა. ცვლილებების მიხედვით, როდესაც მომხმარებელი შეამოწმებს თანხას, თუ ბანკი უჩვენებს ოვერდრაფტის ლიმიტს, ის აუცილებლად გამიჯნული უნდა იყოს მომხმარებლის კუთვნილი თანხიდან“, - დასძინა მან.

ბანკებს ახალი წესების გასათვალისწინებლად ტექნიკური ცვლილებების განხორციელება მოუწევთ. კითხვაზე საჭირო იქნება თუ არა ბანკებისგან ამ პროცესისთვის გარკვეული ფინანსური რესურსების გაღება, ლაშა გზირიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება დიდ თანხებთან დაკავშირებული.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი კრედიტების ამოღების ახალი ეთიკის კოდექსის მიღებაზე 2019 წლიდან მუშაობდა. დამტკიცებული ახალი კოდექსის ძირითადი მოთხოვნები მიმდინარე წლის 1 მარტიდან, ნაწილი კი არაუგვიანეს 1 ივნისიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები