კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე ამბობს, რომ ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ საუკეთესო გამოსავალი საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარებაა და ამ პროცესში ეროვნული ბანკიც უნდა ჩაერთოს.
"ჩემი რეკომენდაცია ის არის, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა მეტი საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ. პირველ რიგში, ეს ეხება ეროვნულ ბანკს - მას მოსახლეობა მეტ-ნაკლებად უჯერებს. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში სახელმწიფომ ვითომ მართლა ჩაითრია ხალხი ფინანსურ პირამიდაში, ბოლოს კი უთხრა ხალხო, სად მიდიხართ?! ანუ შედეგი დემოპროდუქტია. მოსახლეობაზე ასეც შეიძლება იმოქმედო, რომ ფინანსური განათლება ცოტათი მაინც აამაღლო ან ის ხაფანგი დაანახვო, რაც შეიძლება არსებობდეს. ეს უცხოელები (დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყნის გარედან იყო შემოსული) ხედავენ, რომ ეს სქემა ძალიან ადვილად შეიძლება ამუშაო", - აცხადებს კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე "საქმიანი დილის" ეთერში.
სუდაძე ასევე საუბრობს იმ მახასიათებლებზე, რაც ასეთ კომპანიებს აქვთ: "ბოლო რამდენიმე წელი სულ ვაკვირდები და ვცდილობ გავწევრიანდე, მაგრამ არაფერი იცვლება, ტექნოლოგიაც კი არ იცვლება. აკვირდებიან ე.წ მზვერავები. ჰყავთ ადამიანების გუნდი, ანალიტიკოსებს ეძახიან საკუთარ თავს. ეს მზვერავები შედიან ქვეყანაში, აკვირდებიან ინტერნეტით. თუ არის იქ მოწყვლადი მასა, ანუ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ ბევრი კრედიტი და სახელმწიფო არ არის ფინანსურად ძალიან ძლიერი",- ამბობს ექსპერტი.
5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ე.წ. საინვესტიციო პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით მიმდინარეობს, საფუძველი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა გახდა.
























