მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

D5 ვიზის ახალი ზღვარი - რა ეფექტი ექნება გადაწყვეტილებას სექტორისთვის?

მამუკა მახარაძე

„აქცენტი მხოლოდ ინვესტიციის ოდენობის ზრდაზე კი არა, ამ ცვლილების ეფექტზე უნდა გაკეთდს,“ - ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ კომპანია „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების გამკაცრების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, სექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალე, მარტივი და პროგნოზირებადი იყოს. კრიტერიუმები კი როგორც დეველოპერებისთვის, ისე ინვესტორებისთვის მკაფიო და გასაგები.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ მარტივი და გამჭვირვალე პროცედურები და სტაბილური გარემო ქვეყანას საერთაშორისო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

„ამ მიმართულებით მსოფლიოში ქვეყნები აქტიურ კონკურენციაში შედიან ერთმანეთთან, მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხი სწორედ ამ ჭრილში განვიხილოთ და საქართველოს მაგალითიც შევაფასოთ. ბევრ ქვეყანაში საინვესტიციო ვიზის მისაღები მინიმალური ზღვარი გაცილებით მაღალი, 300-400 ათასი დოლარი და მეტია. შესაბამისად, შეგვიძლია მათი საუკეთესო პრაქტიკები გავითვალისწინოთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ მოკლევადიანი, ერთწლიანი საინვესტიციო ვიზები და ის მოდელი, რომელიც 300 000 დოლარის ინვესტიციას უკავშირდება და ხუთწლიან, შემდეგ კი მუდმივ ბინადრობას გულისხმობს. თუმცა მე მიმაჩნია, რომ აქცენტი მხოლოდ ინვესტიციის ოდენობის ზრდაზე არ უნდა გაკეთდეს, არამედ იმაზე, რა ეფექტს იძლევა ეს ცვლილება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, მარტივი და პროგნოზირებადი. როგორც დეველოპერებისთვის, ისე ინვესტორებისთვის კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ მკაფიო და გასაგები.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი დეველოპერული კომპანია, გარკვეულ შემთხვევებში საინვესტიციო ვიზის მსურველებს სარეკომენდაციო წერილსაც ვაძლევთ. თუმცა ეს არ არის მასობრივი პრაქტიკა. ჩვენ ვირჩევთ იმ ტიპის ინვესტორს, რომელიც გრძელვადიან გადაწყვეტილებას იღებს და ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობას და არა ერთჯერად, სპეკულაციურ გარიგებებს.

ჩვენს პრაქტიკაში აქტიურად გვხვდებიან ევროპელი ინვესტორები, განსაკუთრებით გერმანიიდან და ინგლისიდან, რომლებიც კაპიტალის დივერსიფიკაციას ახდენენ და უძრავ ქონებას დამატებითი შემოსავლის წყაროდ განიხილავენ. ამასთან, ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა “მეორე საცხოვრებლის” ტენდენცია როდესაც ადამიანები არჩევენ ქვეყანას, სადაც სტაბილური გარემო, უსაფრთხოება, მოქნილი ეკონომიკური პირობები და ნაკლები ბიუროკრატიაა.ამ კონტექსტში საქართველოც საინტერესო მიმართულებად ყალიბდება. მოთხოვნა იზრდება, რაც ეკონომიკურ აქტივობაზეც აისახება, განსაკუთრებით საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით,“ - განაცხადა მამუკა მახარაძემ.

საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები გამკაცრდა. მთავრობის დადგენილებით, უცხოელი D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საქართველოში 100-ის ნაცვლად 150 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს.

D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზღვარი 35 000 დოლარი იყო, რაც შემდგომ 100 000 დოლარამდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები