შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 2 პირი, რომლებიც მიკროსაფინანსოში ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ.
კერძოდ, უწყების ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ის განცხადებაში.




























