შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირები, რომლებიც მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის დამზადებას ჰპირდებოდნენ, თუმცა თანხის აღების შემდეგ იკარგებოდნენ. უწყების ცნობით, დაკავებულები, ზჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.
"დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების ბრალდებით ორი პირი - ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. ართმევდნენ ფულს მოქალაქეებს და შემდგომ წყვეტდნენ მათთან კავშირს. ზჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.




























