საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გააყალბა, რომლის საფუძველზეც გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, რის შემდგომაც მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისივე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, ბრალდებული გეგმავდა მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვას 200 000 აშშ დოლარამდე თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთებს დაედო ყადაღა.
აღსანიშნია, რომ წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 000 000 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.




























