პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს რამდენიმე ათასი ძროხის უკანონო ექსპორტის მფარველობისთვის სოლიდური ქრთამი შესთავაზა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, საქართველოს სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის მიმართულებით რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის, ქრთამის სახით თითოეულ პირუტყვზე 200 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა (ანუ 1000 ძროხაზე 200,000 დოლარი, 2000 ძროხაზე - 400,000 დოლარი, თუმცა ძროხების ზუსტი რაოდენობა უწყების განცხადებაში მითითებული არაა).
ამასთან, დაკავებულს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვაც ედება ბრალად, რადგანაც გამოძიებით დადგინდა, რომ მაკაროვის ტიპის იარაღი და 13 ვაზნა შეიძინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (მოხელისთვის ფულის შეთავაზება, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას ქრთამის მიცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედების ჩადენა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.




























