მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაახლოების ნაცვლად საქართველო ევროკავშირს შორდება - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება და ამაზე პასუხისმგებელი ქვეყნის მთავრობაა.

"საქართველოს 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა მას ეს სტატუსი მიანიჭა, რაც დიდებული შეთავაზება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს. თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ასე რომ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება", - ამბობს ელჩი.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ელჩის თქმით საქართველოს მთავრობა.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ ქართველ თანამდებობის პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა. მანამდე 2024 წლის დეკემბერში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე, ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

"გერმანიამ გამოსცა შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე ზოგიერთი ქართველის მიმართ, რომელთაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე აქციების მონაწილეების მიმართ", - განაცხადა ელჩმა.

პეტერ ფიშერი არ ამბობს რომელი ქართველი მაღალჩინოსნები დაასანქცირეს, რადგან მისი თქმით, ეს ინფორმაცია გერმანიის პერსონალური მონაცემების დაცვის კანონით რეგულირდება და მისი გასაჯაროება იკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები