მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაანონსებული საგადასახადო შეღავათები მაქსიმალურად სწრაფად გვჭირდება” - “ბიოქიმფარმის” დამფუძნებელი

ღოლეჯიშვილი

“ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერის რატი ღოლიჯაშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შესახებ დაანონსებული სიახლე, კომპანიებს მაქსიმალურად სწრაფად სჭირდებათ. ამის შესახებ მან BMGDrive-ში ისაუბრა.

რატი ღოლიჯაშვილმა აღნიშნა, რომ დაანონსებული ცვლილებები პოზიტიურია, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან ზოგადია.

“რაც დაანონსდა, ძალიან ზოგადია, დეტალებში ნელ-ნელა გავერკვევით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების და ანალიზის პროცესში ჩართულები ვიქნებით. ჩვენ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრები უკვე გვქონდა, სწორედ მათთან, ვინც მოკვლევას ამ თემაზე აკეთებდა და ამ მოკვლევის საფუძველზე მოხდა ჩვენი სფეროს, როგორც პრიორიტეტული მიმართულების, შერჩევა.

დაანონსებული საგადასახადო შეღავათები ძალიან პოზიტიურია და მაქსიმალურად სწრაფად გვჭირდება, საუბარია სტარტაპების და ინოვაციური ტექ. კომპანიების მხარდაჭერაზე და საშეღავათო ინსტრუმენტებზე, გადასახადების თვალსაზრისით. სტარტაპების შემთხვევაში, მათ მთლიანად 3 წლის განმავლობაში ეხსნებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ინოვაციური კომპანიების შემთხვევაში 15%-ით უმცირდებათ გადასახადები”, - აღნიშნავს ღოლიჯაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საშეღავათო პროექტი დაიხვეწება, ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ, ინვესტიცია კვლევებში ჩადონ.

“კრიტერიუმები უნდა ჩამოყალიბდეს, რომელია ინოვაციური კომპანია, რას გულისხმობს ეს და ა.შ.

ამასთან ერთად, არის საუბარი, რომ ინოვაციურ კომპანიას კვლევით ნაწილზე დახარჯული თანხის 500%-ის დაბრუნება შეუძლია. ესეც, რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა, რომ კომპანიამ კვლევაში ჩადოს ინვესტიცია. ისეთ მაღალდანახარჯიან ინდუსტრიაში, როგორიც არის ბიოტექნოლოგიები, მეტი ზურგის ქარი იქნება, რომ სამი წლის განმავლობაში კომპანია კვლევებში ინვესტირდეს”, - აღნიშნა “ბიოქიმფარმის” დამფუძნებელმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 19 მარტს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ღონისძიებაზე საქართველოსთვის პრიორიტეტული სამი მიმართულება განსაზღვრა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ფაგებია. მისი განმარტებით, საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, რის გამოც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს ფაგების მიმართულებით. პრემიერის თქმით, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები