დაბა ასპინძას წყალმომარაგების სისტემის აღდგენისთვის 32 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10,600-ს შეადგენს, შესაბამისად ერთი ბენეფიციარისთვის წყალმომარაგებიის გაუმჯობესება სახელმწიფოს დაახლოებით 3 ათასი ლარი დაუჯდება, მათ შორის სამუშაოები ძირითადად კონცენტრირებული იქნება უშუალოდ დაბა ასპინძაზე, რომლის მოსახლეობაც 2.8 ათასია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
"პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები, თვითდენითი სანიაღვრე მილების მოწყობის სამუშაოები), ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 5 (ხუთი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.