2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ხანდაზმული - 65 წლისა და უფროსი ასაკის - მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 14.3%-ი ანუ 530 ათასი ადამიანია.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდა შეისწავლა და მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორები დააიდენტიფიცირა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს - მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები.
მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ანუ, ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. საინტერესოა, რომ თუკი ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%–ია.
კვლევის მიხედვით, საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს: სოციალური კავშირების ნაკლებობა; ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე; სოციალური ნდობის ნაკლებობა და დედაქალაქში ცხოვრება.
კვლევა აჩვენებს, რომ მარტოობის პრობლემა სწორედ ხანდაზმულებში – 65 და უფროს ადამიანებში მწვავდება და მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების ტენდენციის ფონზე, კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს.
რიცხვები აჩვენებს, რომ მსოფლიო მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა – ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება.
ბოლო ათწლეულის მანძილზე, უკეთესი სამუშაო შესაძლებლობის ძიებაში ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გადინებისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლების წყალობით, აღმოსავლეთ ევროპა მსოფლიოში პირველ რეგიონად იქცა, სადაც მოსახლეობა სტაბილურად მცირდება. ამჟამად იმ ათ ქვეყანას შორის, სადაც მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მცირდება, ცხრა ქვეყანა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მდებარეობს.
გაეროს მოსახლეობის ფონდს მიაჩნია, რომ მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას მთავრობები შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე მეტად აქცენტს იმ ბარიერების მოხსნაზე აკეთებს, რომლებიც ხელს უშლის ქალების, ხანდაზმული ადამიანების, ემიგრანტების და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ადამიანთა ჯგუფების სრულყოფილ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სტუმარი: ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი;