მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაბზარული გზის ჩამოშლა მიმდინარე სამუშაოების დროს ხელოვნურად მოხდა“ - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გზები
BM. GE
11.09.23 15:35
21

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში. დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა  გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, სამუშაოების დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს დილიდან გაავრცელა.

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაჭაში, ონისკენ მიმავალ გზაზე, კლდის მასა ჩამოიშალა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები