მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრაქტის შეწყვეტის მიუხედავად, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ირაკლი ქარსელაძე

გზა სინოჰიდრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე კონტრაქტორ კომპანია "სინოჰიდროსთან" ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ამის შესახებ ქარსელაძემ პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"გაგრძელდება მუშაობა ხულო-ზარზმის გზაზე, სადაც შარშან 17-კილომეტრიანი მონაკვეთი იქნა დასრულებული. მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა რომლის მიხედვითაც 2024 წელს დანარჩენი მონაკვეთებიც იქნება დასრულებული,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მთავრობამ "სინოჰიდროსთან" 47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე "სინოჰიდროსთან გაფორმებული 95-მილიონიანი ხელშეკრულება 2024 წლის 15 იანვარს გაწყვიტა.

"სინოჰიდრო" უკვე მეორე კონტრაქტორია, რომელსაც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ევალებოდა, თუმცა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. პირველი კონტრაქტორი ამ მონაკვეთზე იტალიური კომპანია Todini იყო, რომელთანაც 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის "სინოჰიდრომ" ჩაანაცვლა.

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 95,689,302 ლარს, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელს შეადგენდა. თუმცა, ის ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის იანვარში "სინოჰიდროსთან" კონტრაქტი მოშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები