სილქნეტმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ფართო საზოგადოებას წარუდგინა და ტრადიციული ღონისძიება 5 თებერვალს “რედისონში” გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო პირები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები, ასევე ფონდის ბენეფიციარები. ფონდმა 2024 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და განათლების საკითხებში უპრეცედენტო თანხა - 1 097 000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს.
ფონდის მთავარი დონორის შემოწირულებაც 2024 წელს უპრეცედენტო იყო - სილქნეტმა ნაცვლად 300 000 ლარისა, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად რიცხავს ფონდში, დონაცია 781 000 ლარამდე გაზარდა. ფონდმა განსაკუთრებულად ნაყოფიერად ითანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდისა და სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელებულია 1 070 000 ლარის თანადაფინანსება. ასევე, 2024 წელს 110 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. დაფინანსდა გადაუდებელი ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და კვლევები, რეაბილიტაციის კურსი, დაჭრილი სამხედროების მეუღლეებისა და არასრულწლოვანი შვილების დახმარება. ფონდი 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. ამ დღიდან კომპანია სილქნეტი მთავარი დონორი გახდა.


































