ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, დარგში მძიმე ვითარება ნარჩუნდება, იმ ფონზე, რომ ევროპასა და აშშ-ში პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა. მან მიმდინარე ტენდენციებზე BMG-სთან ისაუბრა.
2026 წლის 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მლნ დოლარს მიაღწია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 219 921 ტონა შეადგინა, რაც 37%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ძირითადი გასაღების ბაზრებია თურქეთი (19%-იანი წილი ჯამურ მოცულობაში), აშშ (15%) და ირანი (10%).
კევლიშვილი დადებით მონაცემებს 2025 წელს „ჯორჯიან მანგანეზის" გაჩერების საბაზო ეფექტით ხსნის. ამასთან, როგორც ის განმარტავს, ირანში ფასის მატება ფიქსირდება, რის გამოც რამდენიმე მცირე საწარმო ფიქრობს წარმოების განახლებას, სტაბილურად კი მხოლოდ 2 საწარმო მუშაობს.
„მდგომარეობა არ არის კარგი, დარგში კვლავ მძიმე ვითარებაა. ევროპასა და ამერიკაში დაბალი ფასები ნარჩუნდება. როგორც პირველი კვარტალის, ისე წლის ჭრილში, სტატისტიკა დადებითად გამოიყურება, თუმცა დარგისთვის ეს დიდი შეღავათი არ არის. შარშან ფასების ვარდნის გამო უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. 2025 წელს უმძიმესი მდგომარეობა იყო დარგში, ფასის ისეთი ვარდნა იყო, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ წარმოება გაჩერებული ჰქონდა, რაც კომპანიის თითქმის 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში არასდროს მომხდარა. რაც შეეხება ექსპორტის სტატისტიკის მატებას, ეს გამოწვეულია იმით, რომ ვინაიდან ბაზარზე ექსპორტის 80% სწორედ „ჯორჯიან მანგანეზზე" მოდის, წელს კი ის სრული დატვირთვით მუშაობს, წლის ჭრილში ზრდა ცალსახად ფიქსირდება. სხვა მხრივ, ამ ეტაპზე განსაკუთრებული სიახლე არ არის. ახლა სტაბილურად მუშაობს ორი საწარმო - „ჯორჯიან მანგანეზი“ და „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“. კიდევ ორი საწარმო ჩართვა-გამორთვის რეჟიმშია. ირანში ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ ოთხი საწარმო ფიქრობს ამუშავებას და ეს სავარაუდოდ დეკემბერში მოხდება. განსხვავება საკმაოდ დიდია: ირანის ბაზარზე ერთი მეტრული ტონა ფეროსილიკომანგანუმი დაახლოებით 250 დოლარით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში ან თურქეთში. მცირე საწარმოების ძირითადი პარტნიორი სწორედ თურქეთია, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზი“ ექსპორტს ამერიკის ბაზარზე ახორციელებს და ის არის მთავარი მოთამაშე. ფასთა ეს სხვაობა მცირე საწარმოებს გარკვეულ იმედს აძლევს",- ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით განიხილება კომპანიებისთვის ელექტროენერგიის დავალიანებებზე საშეღავათო პერიოდის მიცემა, რაც მათ დაეხმარება.
"ეკონომიკის სამინისტროც ეხმარება კომპანიებს, სამუშაო ჯგუფია შექმნილი - იგეგმება ელექტროენერგიაზე დავალიანების მქონე კომპანიებს გაუკეთდეთ გადახდის გრაფიკი და მიეცეთ საშეღავათო პერიოდი, რათა საწარმოებმა შეძლონ ამუშავება და ეტაპობრივად დაფარონ დავალიანება. იმედი გვაქვს, ამასობაში სხვა ბაზრებზეც, ევროპასა და ამერიკაშიც, გაიზრდება ფასები და გაზაფხულზე დანარჩენი საწარმოებიც ჩაერთვებიან. ირანის ბაზარზე მიმდინარე მოვლენები ჩვენზე არ არის დამოკიდებული და როგორც აიწია ფასმა, ისევე შეიძლება დაიწიოს.
ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებულები გარე ფაქტორებზე - მსოფლიო ბაზრის ფასებსა და ელექტროენერგიის ღირებულებაზე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგია ძვირია, გაზაფხულსა და ზაფხულში კი ფასი გაცილებით ხელსაყრელი ხდება. თუ ეს ფასები შენარჩუნდა, გაზაფხულიდან საწარმოებს მუშაობის უფრო მეტი პერსპექტივა ექნებათ",- ამბობს ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე.























