მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგა დრო, თბილისსა და ანტალიას შორის ავიამიმოსვლა განვავითაროთ - ინტერვიუ ანტალიის აეროპორტის გენ.მენეჯერთან

647de032a1e36
BM.GE
05.06.23 18:05
631

BMGTV-ის გადაცემამ "საუბრები ავიაციაზე" ინტერვიუ ჩაწერა ანტალიის აეროპორტის გენერალურ მენეჯერთან, დენიზ ვაროლთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


BMG: ბატონო დენიზ, მიხარია თქვენი ხილვა ჩვენს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“...

დენიზ ვაროლი: დიდი მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის.

BMG: როდესაც თქვენ ბიოგრაფიას გადავხედე, მართლაც ძალიან საინტერესო კარიერა გაქვთ გავლილი. საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ TAV Airport Holding-ში. მოდით უფრო მეტი ვუთხრათ ტელემაყურებელს თქვენ შესახებ....

დენიზ ვაროლი: 2000 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავიწყე მუშაობა ათათურქის სტამბულის აეროპორტში, რომელსაც TAV მართავდა და ჩემი პირველი სამსახური იყო აეროპორტის გიდის პოზიცია. იმ დროს კომპანია TAV Airport Holding-ში მხოლოდ 522 კაცი მუშაობდა, დღეს კი დასაქმებულების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 40 ათას აღწევს. ეტაპობრივად სხვადასხვა პოზიციაზე გადავედი, განსაკუთრებით აეროპორტების ოპერირების მიმართულებით. მას შემდეგ, რაც TAV Airport Holding-მა დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა აეროპორტების მართვის კუთხით, მე სამუშაოდ გადავედი ტუნისში, სადაც მთლიანობაში 7 წელი გავატარე. ტუნისის შემდეგ იყო საუდის არაბეთი, მედინას აეროპორტი, რომელსაც TAV Airport Holding-ი მართავს. ჩემი როლი იყო მედინას აეროპორტში TAV Airport Holding-ის მიერ ახლად აშენებული ტერმინალის ოპერირებისთვის მომზადება და ექსპლუატაციის დაწყება, რაც წარმატებით დავასრულეთ. შემდეგ უკვე უშუალოდ ოპერირების პროცესს ვხელმძღვანელობდი 4 წლის განმავლობაში. შემდეგ კი გადმოვედი ანტალიის აეროპორტში, რადგან 2018 წელს TAV Airport Holding-მა შეიძინა ანტალიის აეროპორტის 50%-იანი წილი და სწორედ დღეს გახდა 5 წელი, რაც ამ აეროპორტში ვმუშაობ. გერმანულ კომპანია Fraport-თან ერთად ვმართავთ მას.

BMG: TAV Airport Holding-ში თქვენ გაიარეთ ჩვეულებრივი თანამშრომლიდან ტოპ მენეჯერამდე არსებული ყველა საფეხური, რაც ძალიან შთამბეჭდავია. როგორც წესი ადამიანები ამდენი წელი არ მუშაობენ იმ კომპანიაში, სადაც არაკომფორტულად გრძნობენ თავს. თქვენ მომსწრე გახდით TAV Airport Holding-ით განვითარების იმ ეტაპებისა, რაც კომპანიამ გაიარა. მინდა გკითხოთ, რაში მდგომარეობს TAV Airport Holding-ის განსაკუთრებულობა, რაც მას განასხვავებს სააეროპორტო ბიზნესში არსებული სხვა დიდი მოთამაშეებისგან?

დენიზ ვაროლი: TAV Airport Holding-მა ძალიან დიდი პროგრესს მიაღწია, რამეთუ ის ფოკუსირებულია სააეროპორტო ბიზნესზე და იმ სერვისების განვითარებაზე, რაც აეროპორტის მართვისთვის აუცილებელია. TAV Airport Holding-ის პირველი დიდი პროექტი იყო სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტის ტერმინალის მართვა. ამის შემდეგ დაიწყო უკვე სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყნებში ბიზნესის გაფართოება და ერთ - ერთი პირველი საერთაშორისო პროექტი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ამ ნაბიჯით TAV Airport Holding-მა დაიწყო თავისი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო დონეზე. საქართველოს შემდეგ იყო სხვა საერთაშორისო პროექტები, რამაც TAV Airport Holding-ს მისცა შესაძლებლობა, რომ ჩამოყალიბებულიყო აეროპორტების მართვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიად მსოფლიოში. ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ ანტალიის აეროპორტში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ისეთ დიდ გერმანულ კომპანიასთან, როგორიცაა Fraport-ი და რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო კომპანია ADP, რომელიც გახდა TAV Airport Holding-ის მთავარი პარტნიორი და წილის მფლობელი. სწორედ ამ განვითარების ნაბიჯების საფუძველზე ჩვენი კომპანია მოხვდა სააეროპორტო ბიზნესის უმაღლეს ლიგაში.

BMG: ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული შედეგია და ის ადამიანები, რომლებიც ავიაციაში ვართ, ამას ძალიან კარგად ვხედავთ. მოდით დავუბრუნდეთ ანტალიის აეროპორტს. კომპანია Fraport-თან ერთად TAV Airport Holding-ის ანტალიის აეროპორტის მართვაში შემოსვლას დაემთხვა პანდემია. რამდენად ძნელი იყო ამ კრიზის გადალახვა და რა სიტუაციაა გაქვთ დღეს აეროპორტში?

დენიზ ვაროლი: პანდემიამდე ერთი წლით ადრე, 2019 წელს ანტალიის აეროპორტში მგზავრთნაკადმა მიაღწია 38 მილიონს, რის საფუძველზე ჩვენი აეროპორტმა ევროპაში მე-12 ადგილი დაიკავა. ჩვენ უკეთეს შედეგს ველოდით 2020 წელს, მაგრამ მარტის თვეში თურქეთში კოვიდი დაიწყო და არ ვიცოდით თუ როგორ უნდა გავმკლავებოდით, რადგან მსგავსი არასოდეს მომხდარა და ყველასთვის სიახლე იყო. თუმცა ჩვენი რეაქცია იყო ძალიან მშვიდი, რადგან ჩვენმა გამოცდილებამ გვასწავლა, თუ კრიზისის დროს პანიკაში ჩავარდები, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მოქმედება, საავიაციო სფერო მარეგულირებელთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აეროპორტში დავნერგეთ უსაფრთხოების რეკომენდაციები. პანდემიის დასაწყისში ჩვენ შევძელით 60 000 მგზავრის ევაკუაცია ყოველგვარი პრობლემის გარეშე. პანდემიის დროს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე იყო ჩვენს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რასაც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვით თავი. 2020 წელი ძალიან რთული იყო ბიზნესისთვის, თუმცა აღდგენის პროცესი მალე დაიწყო, 2021 წელს მივაღწიეთ 2019 წლის მაჩვენებლის 60 პროცენტს, 2022 წელს 88% პროცენტს მივაღწიეთ. რაც შეეხება 2023 წელს, ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლოსთვის მივაღწიოთ 97-98 პროცენტიან აღდგენას.

BMG: ეს ნამდვილად ხელშესახები შედეგია იმისა, თუ როგორც აქტიურად მოახერხეთ აღდგენა. მე მინდა კონცესიის თემას შევეხოთ, სადაც TAV Airport Holding მონაწილეობს კომპანია Fraport-თან ერთად და სადაც თქვენ გაგაჩნიათ კონკრეტული ვალდებულებები. მოდით დავიწყოთ ვალდებულებებით, რომელიც შეეხება ინფრასტრუქტურას. გთხოვთ მოგვიყევით იმ პროექტებზე, რომელსაც თქვენ ახორციელებთ როგორც ტერმინალის, ასევე აეროდრომის მიმართებაში და ასევე, საინტერესოა, შევეხოთ ინვესტიციის თემასაც.

დენიზ ვაროლი: როდესაც ჩვენ Fraport-თან ერთად შევედით ანტალიის აეროპორტის მართვაში, ჩვენ დავინახეთ, რომ აეროპორტი უახლოვდებოდა თავისი გამტარუნარიანობის მაქსიმუმს. ანტალია ტურისტული მიმართულებაა, ისევე როგორც თბილისი და ბათუმი და სწორედ აეროპორტი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას ქვეყნის მიმართ.

BMG: როგორც ვამბობთ ხოლმე აეროპორტი ქვეყნის კარიბჭეა...

დენიზ ვაროლი: აბსოლუტურად გეთანხმებით. როდესაც აეროპორტი აღწევს თავისი გამტარუნარიანობის მაქსიმუმს, ის უკვე არაკომფორტული ხდება მგზავრებისთვის და როდესაც ჩვენ ეს დავინახეთ, დავიწყეთ მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აეროპორტის გაფართოების შესახებ. მთავრობის გეგმა იყო უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა, რისთვისაც იყო საკმარისი სასტუმროები, სხვა ინფრასტრუქტურა მაგრამ საჭირო იყო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა. 2021 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა მომდევნო 25 წლის განმავლობაში ანტალიის აეროპორტის გაფართოებას ყველა მიმართულებით, ტერმინალის აეროდრომის, მანქანების პარკირების ადგილების და ა.შ. ეს ტენდერი ითვალისწინებდა 750 ევროს ოდენობით ინვესტირების ვალდებულებას, რადგან ასაფრენ - დასაფრენი ზოლის გარდა, პრაქტიკულად მთლიანი სააეროპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოება იყო საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის მთავრობის მიზანია ტურისტების რაოდენობის გაზრდა 100 მილიონამდე, ამ რაოდენობის ტურისტების დიდი წილი მოდის ანტალიაზე და ამისთვის აეროპორტი მზად უნდა ყოფილიყო. ჩვენ მოვიგეთ ეს ტენდერი და დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და 2025 წელს ჩვენ მომხმარებლებს უკვე შეეძლებათ განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა.

BMG: ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, თქვენ ასევე აიღეთ მგზავრთნაკადის ზრდის ვალდებულება. მაინტერესებს, თუ როგორ აპირებთ ამის გაკეთებას და თუ გაქვთ რაიმე მარკეტინგული მექანიზმები, ფასდაკლების კონცეფციები, რაც სტიმულირებას გაუკეთებს მგზავრთნაკადის მატებას აეროპორტში?

დენიზ ვაროლი: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ TAV Airport Holding-ს დიდი გამოცდილება აქვს მგზავრთნაკადების მოზიდვის და განვითარების კუთხით და სწორედ ამ ნოუ-ჰაუს დანერგვა დავიწყეთ ანტალიის აეროპორტში. ანტალია საკმაოდ საინტერესო და კომპლექსური ბაზარია სეზონურობის გათვალისწინებით. ჩვენ 35 მილიონ მგზავრს ვემსახურებით წლის მანძილზე, მაგრამ ამ მგზავრთნაკადის 90 პროცენტის მომსახურება ხდება ზაფხულის სეზონის განმავლობაში. შესაბამისად, შევაფასეთ რა ეს რეალობა, მოვახდინეთ ოპერირების პოლიტიკის გადახედვა და ჩვენი ენერგია მივმართეთ ორი მიმართულებით, პირველი ის, თუ როგორც გავაუმჯობესებდით შედეგებს ზამთრის სეზონზე და მეორე - თუ როგორ გავზრდიდით ოპერირების ხარისხის დონეს ზაფხულის სეზონზე. როდესაც აეროპორტის ოპერირება დავიწყეთ კომპანია Fraport-თან ერთად 2018 წელს, ზამთრის სეზონზე მგზავრების რაოდენობა იყო 700 ათასი, ხოლო რამდენიმე წელში ეს რიცხვი გავაორმაგეთ, რაც შესაძლებელი გახდა სპეციალური სტიმულირების მექანიზმებით რაც TAV Airport Holding-ის მიერ იყო შემუშავებული. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი და სპეციალური მარკეტინგული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ უკეთესი შედეგების მისაღწევად. ჩვენ მუდმივად ვახდენთ მიმართულებების დივერსიფიკაციას, მაგალითად ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ახლო აღმოსავლეთიდან მგზავრთნაკადის მოზიდვაზე, რისთვისაც სტიმულირების სპეციალური პროგრამები შევიმუშავეთ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან და ამის შედეგია ის, რომ ავიაკომპანია Wizz Air შემოვიდა აბუ დაბიდან. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება ჩვენს მგზავრებს იმისათვის, რომ მაქსიმალური დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და თუ ნებისმიერი კომპანიას ამას მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ იგი წარმატებულია.

BMG: თქვენი აეროპორტში არსებული შედეგები და ციფრები ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა მუშაობას და მეც ვფიქრობ რომ აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. მე მინდა რომ შევეხოთ საქართველოს თემას. ცოტახნის წინ ავიაკომპანია Sunexpress-მა დაიწყო პირდაპირი რეისები რაც გაუმჯობესებს საჰაერო კავშირს არამარტო ორ ქვეყანას შორის, არამედ გააღრმავებს ორი აეროპორტს შორის ურთიერთობას. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე და რა უნდა გაკეთდეს დამატებით, რომ უფრო ინტენსიური გახდეს საჰაერო მიმოსვლა?

დენიზ ვაროლი: ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან თბილისის და ბათუმის აეროპორტებში იმაზე, რომ უფრო გავაუმჯობესოთ აეროპორტებს და ქვეყნებს შორის საჰაერო კავშირი. ფაქტია, რომ ამაზე არსებობს მოთხოვნა მგზავრების მხრიდან. ანტალია ძალიან საინტერესო ადგილია მოგზაურობისთვის, სადაც შეგიძლიათ იმოგზაურო როგორც ზაფხულში, ასევე ზამთრის სეზონზე, ხმელთაშუა ზღვაზე დასასვენებლად, ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად და ასევე გასტრონომიული მიზნებისთვის. ასევე, დიდი ინტერესია საქართველოს მიმართულებით ანტალიიდან, სადაც ორ მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ავიაკომპანია SunExpress-მა ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდველია ანტალიის აეროპორტში და ძალიან კარგია, რომ დაიწყო მან პირდაპირი ავიარეისების შესრულება თბილისს და ანტალიას შორის. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვახდინოთ ორივე მიმართულების აქტიური პოპულარიზაცია. მე ვიყავი საქართველოში და ჩემი თვალით ვნახე თუ რამდენი რამის შეთავაზება შეგიძლიათ, უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო, ფანტასტიკური ბუნება და ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის. თქვენ ძალიან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა გაქვთ თურქეთის სხვა ქალაქებთან, მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ განვავითაროთ საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ანტალიას შორის, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ უახლოეს მომავალში.

BMG: ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას და ჩვენი გადაცემა აქტიურად მიადევნებს თვალს ამ პროცესს, რაც კარგი იქნება არამარტო აეროპორტებისთვის, არამედ ორივე ქვეყნისთვის, რომლებსაც მრავალწლიანი კარგი მეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის და ნამდვილად სასიამოვნო იყო თქვენი მასპინძლობა იმ გადაცემაში, სადაც მხოლოდ ავიაციაზე ვსაუბრობთ. დღეს მე ამით გემშვიდობებით.

დენიზ ვაროლი: დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები