საქართველოში საავიაციო ჰაბი არა ახალი აეროპორტით და ინფრასტრუქტურით, არამედ ძლიერი ავიაკომპანიებით შეიქმნება - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი საღამო" საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი და საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, არ არსებობს არცერთი გამოცდილება, როცა ძლიერი ავიაკომპანიის გარეშე ქვეყანამ გამტარი შექმნა.
"ახალი აეროპორტი და ინფრასტრუქტურა, ცხადია, იქნება განვითარების მასტიმულირებელი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არც ახლა გვიშლის არაფერი ხელს კერძო სექტორს, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ავიაკომპანიების შექმნაზე.
ამ პროექტთან დაკავშირებით, მე ვერ ვხედავ ვერანაირ გამოწვევას გარდა იმისა, რომ სერიოზული სამუშაო გვექნება მგზავრთნაკადის შექმნაზე. მგზავრთნაკადს ვერ შექმნის ვერანაირი ცალკე აღებული ინფრასტრუქტურა. ჩვენ თუ არ ვისწავლი იმას, რომ უნდა განვავითაროთ ეს სფერო და ავიაკომპანიები რითაც ძალიან ძლიერად წარვდგებით რეგიონში, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი სხვა არაფერი გამოგვივა. რომ გადავხედოთ მეზობელ ქვეყნებს, ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელმაც შექმნა სერიოზული გამტარი, ჰაბი და არ ჰყავდა ძლიერი ავიაკომპანია. ეს აქსიომაა და სხვანაირად ვერც ჩვენ გავალთ ფონს", - ამბობს მოლოდინაშვილი "საქმიანი საღამოს" ეთერში.
მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აეროპორტის მშენებლობა ჯამში 1.3 მლრდ დოლარი დაჯდება. აეროპორტი კი, პირველ მგზავრს 2028 წელს მიიღებს.