ახალი აეროპორტის აშენება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის საჭიროებას, - ასე აფასებს "თრეველ შოპის" დამფუძნებლის ნიკა მანჯგალაძე თბილისთან ახალი აეროპორტის მშენებლობის გეგმებს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, გაუგებარია, რატომ შენდება საქართველოს ზომის ქვეყანაში 19 მილიონ ვიზიტორზე გათვლილი აეროპორტი, მაშინ როცა ქვეყანას სატრანზიტო ფუნქციის შესრულების კონკურენტული უპირატესობა არ აქვს.
მისი თქმით, ახალი აეროპორტით სარგებელს ისევ და ისევ რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებსაც თავიანთი ქვეყნიდან კონკრეტული მიმართულებებით ფრენები შეზღუდული აქვთ.
“აეროპორტმა უნდა იმუშაოს ტრანზიტზეც, ჩვენ საიდან ველით ამ ტრანზიტს? ჩვენ დღეს ფუნქციონირებადი გვყავს ორი ავიაკომპანია, ორივე ძალიან პატარა ზომის. გამოდის, რომ ეს აეროპორტი მოხმარდება უფრო რუსეთის ნაკადს, ვიდრე სხვა რამეს. ეს პრეცედენტი ადრე იყო, ცივი ომის დროს, როცა ფინეთმა ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირის თვითმფრინავებს ყველგან არ უშვებდნენ და ჰელსინკის აეროპორტი გამოყენებული იყო როგორც სატრანზიტო. ჩადიოდნენ ჰელსინკიში და იქიდან მიფრინავდნენ.
ის, რომ საქართველო ჰაბი გახდება, ძალიან რთულია სათქმელია, იმიტომ რომ აზერბაიჯანს ძალიან დიდი ავიაკომპანია ჰყავს, რომელიც ბევრ ფრენას ასრულებს. ირგვლივ არაფერი არაა, გყავს თურქეთი, რომელთანაც შეჯიბრება, რომელსაც უზარმაზარი ავიაკომპანიები ჰყავს, არის სრული აბსურდი. გარდა ამისა, ამ პაწაწკინტელა ქვეყანას აქვს სამი საერთაშორისო აეროპორტი, მესმის, რომ დიდი ამბიციები გვაქვს, მაგრამ რაღაცას საზღვარი აქვს”, - ამბობს ნიკა მანჯგალაძე.
მთავრობის ინფორმაციით, პირველი ფრენა ახალი ვაზიანის ტერიტორიაზე მოსაწყობი აეროპორტიდან 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება. არსებული აეროპორტის გაფართოებას და ახალი აეროპორტის მშენებლობას შორის არჩევანი მთავრობამ მეორეზე შეაჩერა. წინასწარი ხარჯის სახით, ინფრასტრუქტურისათვის 1.3 მლრდ დოლარია გათვალისწინებული. ახალი აეროპორტის მესაკუთრე სახელმწიფო იქნება, თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მმართველი კომპანია კერძო სექტორიდან შეირჩევა. პრემიერის თქმით, პროექტირება მომავალ წელს დასრულდება, ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი.