საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დაფინანსება არაა გათვალისწინებული რამდენიმე მსხვილი კაპიტალური პროექტისთვის. კერძოდ, დოკუმენტში არა არის ასახული თანხა ვაზიანის აეროპორტის, ახალი სტადიონის და ანაკლიის პორტამდე მისასვლელი რკინიგზისთვის.
BMG-მ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რატომ არაა გამოყოფილი დაფინანსება ამ პროექტებისთვის. მისი განმარტებით, დიდი ალბათობაა, რომ ვაზიანის აეროპორტში სახელმწიფო ინვესტიცია არ ჩაიდოს, 2027 წელს ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება დაგეგმილი არ არის, ანაკლიის გზა და რკინიგზა კი შეიძლება ერთობლივი პროექტი იყოს.
"რაც შეეხება კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვაზიანის აეროპორტზე მიმდინარეობს დეტალური ეკონომიკური და სხვა კვლევები ამ ეტაპზე და დიდი ალბათობაა, რომ სახელმწიფო ინვესტიცია აქ არ იყოს, ან იყოს ეგრეთ წოდებული PPP პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც კერძო ინვესტიციებს, ასევე სახელმწიფო ინვესტიციებს, თუმცა სახელმწიფოსგან მომდევნო წელს თანხის დახარჯვა არ იქნება საჭირო.
სტადიონის შემთხვევაში - მომდევნო წელს არ იგეგმება სტადიონის მშენებლობის დაწყება. ვნახოთ, ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ყოველ შემთხვევაში, 2027 წელს ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება დაგეგმილი არ არის.
ანაკლიის გზა და რკინიგზა შეიძლება იყოს ერთობლივი პროექტი, შეიძლება გაიყოს და ცალკე რკინიგზამ საკუთარი ინფრასტრუქტურა გააკეთოს და ცალკე გზამ, თუმცა გარკვეულ ნაწილებში თანხვედრაში იქნება ეს პროექტები ერთმანეთთან. ცოტა ადრე სჭირდება რკინიგზას დაწყება, ვინაიდან მიწის სამუშაოები ნაწილობრივ რკინიგზის ნაწილშიც იქნება საგზაო სამუშაოებთან ერთად გასაკეთებელი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტისკენ გზის მშენებლობა იწყება და გზის პარალელურად მოხდება რკინიგზის მშენებლობის განხორციელებაც",- ამბობს კაკაურიძე.
























