თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 - 4,5 მლნ მგზავრი. ჩვენ გვაქვს მოლოდინები ტურიზმში, მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. ჩვენ განვიხილეთ ორი ვარიანტი, ერთი იყო არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას. ძველის გაფართოება ჯდებოდა დაახლოებით 900 მლნ დოლარი, ხოლო ახლის აშენება 1 მილიარდ 260 მლნ დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა 15 მლნ-მდე, ხოლო ახალი აეროპორტის მშენებლობა გვაძლევს 19 მლნ მგზავრის გამტარიანობის შესაძლებლობას, გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება და ეს არის 0.2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში წლიურად საშუალოდ 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს იმისთვის, რომ მოამზადა ეს პროექტი, ახლა მთავარია, რომ სათანადოდ წავიდეთ წინ და ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა უზრუნველვყოთ ახალი, თანამედროვე, ულტრათანამედროვე საერთაშორისო აეროპორტით“, - თქვა პრემიერმა.