ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2027 წლის ბიუჯეტის კაპიტალურ პროექტში წლევანდელი წლის მსგავსად არაა გათვალისწინებული ვაზიანის აეროპორტი და 70,000-ადგილიანი ახალი ეროვნული სტადიონის პროექტები. აღნიშნული პროექტები არც 2026 წლის ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართით იყო გათვალისწინებული.
ბოლოს აღნიშნული პროექტები მხოლოდ 2025 წლის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ვაზიანის აეროპორტის შესახებ მითითებული იყო, რომ პროექტში სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯები 2025-2028 წლებში 340 მილიონი ლარი იქნებოდა, თუმცა 2026 წლის კაპიტალურ პროექტებში ახალი აეროპორტის პროექტზე თანხები გათვალისწინებული არ იყო და ანალოგიურად ის არც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არ წერია.
როგორც ცნობილია მთავრობა ამ აეროპორტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს, რაც საერთაშორისო ინვესტორების მოწვევას გულისხმობს. მთავრობის ინფორმაციით აღნიშნული აეროპორტი 2031 წელს უნდა გაიხსნას, თუმცა ამისთვის ჯერ ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო ტენდერის მომზადება და გამოცხადება, შემდეგ მასში გამარჯვებულის გამოვლენა, გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან საინვესტიციო/საკონცესიო შეთანხმების გაფორმება, აეროპორტის პროექტირება, პროექტის სახელმწიფოსთან შეთანხმება, კონცესიის ხელშეკრულების მქონე კომპანიის მიერ სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და სამშენებლო პროცესის დაწყება, შემდეგ მშენებლობის დასრულება, საავიაციო უსაფრთხოების ტესტირებების გავლა და საკადრო უზრუნველყოფის დასრულება არის აუცილებელი. პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან პროექტზე უნდა განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები კახეთის მაგისტრალის ვაზიანის გადასახვევის გაფართოების და ახალ აეროპორტამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება აეროპორტთან მდებარე ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც საბაჟო სასაწყობო, ასევე საავიაციო უსაფრთხოების სამუშაოებს გულისხმობს.
პარალელურად, ტავ ურბან საქართველო, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს, ახორციელებს არსებული აეროპორტის გაფართოების $150-მილიონიან ინვესტიციას. გაფართოებული აეროპორტი მგზავრებს მოემსახურება იქამდე, სანამ ვაზიანის აეროპორტი შევა ექსპლოატაციაში.
რაც შეეხება კახეთის გზატკეცილზე, არსებული აეროპორტის გადასახვევთან 70,000 მაყურებელზე გათვლილი ეროვნული სტადიონის პროექტს, მასზე მთავრობა 2025 წელს მუშაობდა და მაშინ ტენდერიც იყო გამოცხადებული 876 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა მთავრობამ ის შეწყვიტა და გამარჯვებული აღარ გამოავლინა, რის შემდეგაც პროექტის ბიუჯეტის გათვალისწინება არ მოხდა 2026 წლის ბიუჯეტში და არც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ამის მიუხედავად, 2026 წელს გრძელდებოდა პროექტისთვის მიწების გამოსყიდვის პროცესი და რამდენიმე მოქალაქეს ექსპროპრეაციის გზით ჩამოერთვა მიწის ნაკვეთები.
ახალი სტადიონის საპროექტო ტერიტორია აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს მოიაზრებდა:

























