ვაზიანის აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და გაფართოების მიზნით ღონისძიებების განხორციელების შესახებ მთავრობამ განკარგულება გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი აეროპორტის რეაბილიტაცია-გაფართოების მიზნით რიგი ღონისძიებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და საქაერონავიგაციამ უნდა განახორციელონ.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ 27 მარტის 637-ე განკარგულებით ცვლილებები 2023 წლის 5 ივნისის 1054-ე განკარგულებაში შევიდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობა 2021 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე განკარგულებებს არ აქვეყნებდა და დოკუმენტები დღესაც საჯარო არ არის, შესული ცვლილებების შინაარსი უცნობია.
რასაც ახალი დოკუმენტიდან ვიგებთ ის არის, რომ მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვაზიანის ახალ აეროპორტამდე შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა დაავალა.
ამასთან, 2023 წლის 5 ივნისის 1054-ე განკარგულების მესამე პუნქტი, რომელიც განკარგულებიდან გამომდინარე წამოჭრილი საკითხების შესწავლის მიზნით უწყებათშორისი კომისიის შექმნას ითვალისწინებს, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:
„დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულებიდან გამომდინარე წამოჭრილი საკითხების შესწავლის მიზნით, უწყებათშორისი კომისიის შექმნა მინისტრების მოადგილეების დონეზე, შემდეგი უწყებების მონაწილეობით:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
- საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;“
თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ ცნობილი, ჯერ კიდევ 2023 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დროს გახდა. „მეგაპროექტი“ თითქმის ერთი წლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ დააანონსა. მაშინ მან განაცხადა, რომ თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების შემთხვევაში მგზავრთნაკადი მხოლოდ 15 მლნ-მდე გაიზრდებოდა. ახალი აეროპორტის აშენებით კი ეს რიცხვი 19 მლნ უნდა გახდეს.
საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს. 2024 წელს დასაწყისში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ თბილისში, ახალი აეროპორტის სამართავად კომპანია შეირჩევა, თუმცა აეროპორტის სრულ მფლობელობას სახელმწიფო შეინარჩუნებს.
ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილმა კი 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტი ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს.
"ჩვენი გეგმით ვაზიანის აეროპორტი ოპერირებაში უნდა შევიდეს 2031 წელს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია. რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნება ინვესტორი და აეროპორტის ოპერატორი, ეს რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ღია ტენდერის საკითხია, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს", - განაცხადა "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში.




























