ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით გადასახადის გახანგრძლივება ქერსა და ქატოსაც შეეხო.
მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. დადგენილება მთავრობამ 2024 წლის 27 აგვისტოს გამოსცა. ამასთან, საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც.
2023 წლის 10 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებით, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე დაწესდა, თუმცა შემდეგ ვადა შემოდგომამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი ისევ 250 ლარია. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარია.