საქართველოში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მორავიეცკიმ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლონეთი ამ სანქციების ერთ-ერთი ინიციატორია.
მისივე თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველო სანქციების საკითხში ჩართული არ იყო.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გაკეთდეს?! სანქციების პაკეტები, რომლებიც უკვე მიღებული იქნა ევროსაბჭოსა თუ ევოკომისიის მხრიდან, პოლონეთი მათ ინიცირებას ახდენს.
გვინდა, რომ ეს სანქციები გაფართოვდეს და თითოეულ დაბომბილ სახლს კიდევ ერთი სანქცია ემატებოდეს, რადგან უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მისაღები არ არის. არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე ჩართული არ არის ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა <ირაკლი ღარიბაშვილმა> დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.
ვინ შეიძლება ქართველებზე უკეთესად გაიგოს უკრაინის, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპანტების მიერ არის დაკავებული”, - განაცხადა მორავიეცკიმ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეურთდებოდა. მეტიც, პრემიერმა ისიც თქვა, რომ რუსეთის მიმართ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები ეფექტიანი არ არის.




























