ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა 2025 წლის რთველის სუბსიდირების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახალი მოდელი მიმართულია იმ მევენახეების წახალისებაზე, რომელთაც ხარისხიანი ყურძენი მოჰყავთ.
საქმე ისაა, რომ წინა წლებში ერთნაირი სუბსიდია გაიცემოდა როგორც ხარისხიან ასევე უხარისხო ყურძენზე, თუმცა მიმდინარე წელს განფასება ასეთია - სუბსიდია საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი კილოგრამზე 1.50 ლარით განისაზღვრება. ეს იქნება ფასი, რომელსაც ღვინის სახელმწიფო კომპანია მევენახეებს გადაუხდის. სხვა ჯიშის ყურძენზე, მათ შორის რქაწითელზე შესასყიდი ფასი კილოგრამზე 1.20 ლარით განისაზღვრება. ხოლო დაზიანებული ყურძნის ჩაბარების ღირებულება 1 ლარი იქნება.
„წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყურძნის ხარისხზე. მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია ორი ფასი. მეტად დაფასდება ის მევენახე, რომელმაც მოიყვანა ხარისხიანი და კონდიციური ყურძენი. ჩვენი რეფორმები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვზრუნავთ ყურძნის ხარისხზე და ვქმნით პირობებს, რომ ყველა მევენახეს შეეძლოს მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება,“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლამ რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, წელს მოსავალი 250,000-300,000 ტონის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 50 მილიონი ლარით განისაზღვრება.




























