2023 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 000 ლარი იყო, წელს კი ის 500 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ Bm.ge-ს სააგენტოში განუცხადეს.
მათი ცნობით, პროგრამის ამოქმედებიდან, ანუ 2022 წლიდან დღემდე, 43 ბენეფიციარი დააფინანსეს. აქედან 30 ბრენდინგის, 12 სერტიფიცირების და 1 საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტით. სწორედ აღნიშნულ სამ კომპონენტში არის შესაძლებელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მხარდაჭერის მიღება. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირება და ლიცენზირების კომპონენტში, ასევე საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტში დაფინანსების მოცულობა შეადგენს 10 000 -10 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში; ბრენდინგში კი დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია 20,000 ლარით.
ცნობისთვის, პროგრამა 2023 წლის დეკემბრიდან განახლებული პირობებით ამოქმედდა, რაც მათ შორის გულისხმობს აპლიკაციების მიღებას შეუზღუდავი ვადით (ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია პროგრამის სააპლიკაციო ფორმის შევსებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს და ეს შესაძლებლობა რამდენჯერმეა ). ასევე, პროგრამის ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა: ყავის გადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ლითონის კონსტრუქციებისა და ელექტრონული კომპონენტების წარმოება.
სტიმულირების განახლებულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება სააგენტომ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში, 3 განაცხადია შემოსული - აპლიკანტებს მხარდაჭერა ბრენდინგის კომპონენტში სურთ.
რაც შეეხება სექტორებს, რომელთაც ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში სააგენტო მხარს უჭერს, ესენია:
ბრენდინგის მიმართულება - საფეიქრო ინდუსტრია (ბავშვის ტანსაცმელი, ტყავის პროდუქცია, ფეხსაცმელი, აქსესუარები), სათამაშოები, შესაფუთი მასალები, ძვირფასეულობა და სამკაულები. ბრენდინგის მიმართულებით მხარდაჭერა მიიღეს ხის სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ „ვუდსი“; ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდმა „კოსმო“; ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების ბრენდმა „კოკიტო“ და ა.შ.
სერტიფიცირების მიმართულება - ცხოველის საკვები და ვეტერინარია, შესაფუთი მასალები, საფეიქრო ინდუსტრია. სერტიფიცირების მიმართულებით სააგენტომ დახმარება გაუწია საბავშვო ტანსაცმლის ბრენდს „ლიმო“, ასევე ბიოფარმაცევტულ კომპანიას „ბიოქიმფარმი“ და ა.შ.
საერთაშორისო ქსელში შესვლის მიმართულება - ჩაი. სააგენტოს ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ქართული ჩაი „გამარჯობა“ გურიიდან ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში - OXALIS იყიდება.