მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაფუძნებიდან დღემდე GITA-ს საგრანტო პროგრამებით სტარტაპები ₾43.5 მილიონით დაფინანსდნენ - კასრაძე

GITA

დაფუძნებიდან დღემდე GITA-ს საგრანტო პროგრამებით სტარტაპების თანადაფინანსება ₾43.5 მილიონია - ამის შესახებ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საკომიტეტო მოსმენა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას მოიცავდა.

ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43%-ია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციური მეწარმეობისა და სტარტაპ საზოგადოების განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგრანტო პროგრამებსა და სხვადასხვა აქტივობას, როგორიცაა ჰაკათონები, ტექ.კვირეულები, ბანაკები, ინკუბატორის პროგრამები თუ ტრენინგები. ბოლო მონაცემებით, რეგიონების ტექნოპარკებით მოსარგებლეთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, რომელთა 90%-ს ახალგაზრდები შეადგენენ. სხვადასხვა ასაკზე გათვლილი პროგრამები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ტექნოლოგიურმა ბანაკებმა, 2019-2024 წლების განმავლობაში, 1300-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა, პრე-აქსელერაციის პროგრამა კი, რომელსაც 1200 მონაწილე ჰყავს, ქვეყნის 10 რეგიონში ჩატარდა და მონაწილეთა 70% ახალგაზრდაა.

რეგიონის მოსახლეობის ინოვაციური იდეების განვითარებას ემსახურება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა „ინოვაციების გრანტების რეგიონებისთვის“, რომელიც მოიცავს საქართველოს თერთმეტ რეგიონს - აჭარა, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 83 სტარტაპი, რომელთაგან 70% ახალგაზრდებზე მოდის“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე IT ეკოსისტემაზე და ამ კუთხით ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებაზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით 12 000 - ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, რომელთა 64%-ს სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ. სააგენტო ახორციელებს პროგრამას DO IT IN GEORGIA, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას - 5000 IT მომზადების პროგრამა, Do IT with the EU (საერთაშორისო სერტიფიცირება და დასაქმება), CODE-IT. ამასთან, მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49 000 - მდე გაიზარდა. აღსანიშნავი დეტალია, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე, 28%- ით შემცირდა NEET - ის (not in education, employment, or training) მაჩვენებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები