მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაგეგმილია 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია და განახლება, ასევე თანამედროვე სტანდარტების 111 ვაგონის შემოყვანა - კახა კალაძე

კალაძე

"დაგეგმილია 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია და განახლება, თანამედროვე სტანდარტების 111 ვაგონის შემოყვანა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს 60 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტს მომდევნო წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი.

„თბილისის მეტროპოლიტენს ვუსურვებ განვითარებას და იმ გამოწვევების ღირსეულად დაძლევას, რომელთა წინაშეც დღეს დგას. სამწუხაროდ, არაერთი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. მუნიციპალიტეტს მომდევნო წლებში დაგეგმილი აქვს არაერთი მასშტაბური პროექტი. კერძოდ, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია და განახლება; თანამედროვე სტანდარტების 111 ვაგონის შემოყვანა; თბილისის მეტროს პირველი ხაზის დაგრძელება, როგორც გლდანის, ისე ვარკეთილის მიმართულებით; „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერზე არ გავჩერდებით, რადგან თბილისი მომდევნო წლებში უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მიმზიდველი ქალაქი, ამაში კი იგულისხმება როგორც გამართული სატრანსპორტო სისტემა, ისე ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა, პარლამენტის, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები