რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამრეწველო ობიექტებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ემისიების კონტროლზე, სანქციების გამკაცრებასა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.
"შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო ღონისძიებები, მათ შორის, ინსპექტირების რაოდენობის გაზრდა, თვითმონიტორინგის შედეგების პროაქტიური ანალიზი და შესაბამისი საჯარიმო რეაგირება, გაფრქვევის ნორმების გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრება.
ასევე, იგეგმება სამრეწველო ემისიების შესახებ კანონის, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისა და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეტაპობრივი დანერგვა. დაგეგმილია მწვანე ბუფერული ზონის შექმნა ძველ რუსთავსა და სამრეწველო ზონას შორის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებით, ასევე, მწვანე საფარის გაზრდა ქალაქ რუსთავის სხვა ტერიტორიებზე", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რუსთავს ახალი ტალღა სჭირდება - საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი მიდგომები და საწარმოების კონტროლის გამკაცრება. ეკონომიკური ზრდის პირობებში, როდესაც საწარმოები აქტიურად მუშაობენ, აუცილებელია ახალი გეგმები და ნაბიჯები, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.




























