მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

ავტობუსი

რუსთავისთვის 70 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით, ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 521 351 ლარია.

ტენდერის პირობებით, შესასყიდი ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი და არაუადრეს 2026 წლის გამოშვების. მიწოდებისას მათი გარბენი 2 000 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ავტობუსების სიგრძე 8-დან 9 მეტრამდე, სიგანე კი მინიმუმ 2.4 მეტრი უნდა იყოს. ისინი დაბალი იატაკის კონსტრუქციის უნდა იყოს, რაც მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ამარტივებს.

ტექნიკური დავალების თანახმად, თითოეულ ავტობუსში, მძღოლის ადგილის გარდა, სულ მცირე 25 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, ხოლო საერთო ტევადობა მინიმუმ 50 მგზავრს უნდა შეადგენდეს. ავტობუსებს უნდა ჰქონდეს უკანა ნაწილში განთავსებული დიზელის ძრავა, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 130 კვტ იქნება. საწვავის მოხმარება ქალაქის მოძრაობის პირველ რეჟიმში 100 კილომეტრზე მაქსიმუმ 38 ლიტრით, ხოლო მეორე რეჟიმში 32 ლიტრით განისაზღვრება.

ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით, ვიდეომეთვალყურეობის კამერებით. გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების დამტენი მინიმუმ 10 USB პორტი, მგზავრთა აღრიცხვის მოწყობილობები და ერთიანი სატრანსპორტო სისტემის შესაბამისი საინფორმაციო აღჭურვილობა.

შესყიდვის ღირებულებაში ავტობუსების ფასთან ერთად მათი გეგმიური ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 36 თვე ან 200 000 კილომეტრი იქნება, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება პირველად. ავტობუსების მიწოდება რუსთავში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე უნდა განხორციელდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები