მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაღერღილი ხორბლის იმპორტი ნოემბრამდე იკრძალება - ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილება

64aff70ee6bcd
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.23 17:15
864
მთავრობა დაღერღილი ხორბლის იმპორტს დროებით ზღუდავს - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც BM.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს დაღერღილი ხორბლის იმპორტი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე აღარ განხორციელდება. 

„სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით.

აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ცნობით, სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზე.

ცნობისთვის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა. რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ, ფქვილის მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ პურის მწარმოებლები რუსულ ფქვილს უფრო იაფად ყიდულობენ. მეხორბლე ფერმერები 14 ივლისს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები