მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაღლილი მყიდველი" და ცვალებადი ტრენდები - ხელოვნების გლობალური ბაზრის 2025 წლის მიმოხილვა

ააა
03.09.25 11:20
1788

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ხელოვნების გლობალური ბაზარი უკვე მესამე წელია, რაც დაღმავალი ტენდენციებით გამოირჩევა. ფინანსური კრიზისი, პოლიტიკური დაძაბულობა და არსებული კონფლიქტები დიდ ზეგავლენას ახდენს მყიდველებზე, კოლექციონერებსა და აუქციონის სახლებზე და განსაზღვრავს, რა ნამუშევრები გამოდის ბაზარზე და რამდენად თამამად ხარჯავენ ფულს მყიდველები აუქციონებზე. თუ გადავხედავთ არსებულ სტატისტიკას, 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სამი უმსხვილესი აუქციონის სახლის მიერ გაყიდული ლოტების ჯამური თანხა 4 მილიარდ აშშ დოლარამდეა, რაც 6%-იანი ვარდნაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩატარებული აუქციონების საერთო ჯამი შემცირებულია 44%-ით, რაც $3-მილიარდიანი ვარდნაა 2022 წელთან შედარებით, როცა პოსტპანდემიურ პერიოდში ხელოვნების გლობალურ ბაზარზე მცირეხნიანი გამყარება დაფიქსირდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, აუქციონის სახლები და კოლექციონერები მიიჩნევენ, რომ ხელოვნების ბაზარზე დღეს აშკარა კრიზისია.

გაყიდვების მოცულობა გლობალურ ბაზარზე 2009 - 2024

Art Economics 2025

თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების პოპულარობის პიკი და ბაზრის ტენდენციები




რენე მაგრიტი (1898-1967)

სინათლის იმპერია (L'empire des lumières)

2024 წლის ტენდენციები გრძელდება წელსაც, თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნება გამორჩეულად მოთხოვნადია, სურეალისტური მხატვრობა და კონკრეტულად რენე მაგრიტი წელსაც ტოპ გაყიდვადია, თუმცა შარშანდელი რეკორდის - 121 მილიონი აშშ დოლარის მოხსნა ჯერ ვერ მოხერხდა. მაგრიტის 2025 წელს ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი, 34,910,000 აშშ დოლარად არის გაყიდული სინათლის იმპერიაა (L'empire des lumières).



პიტ მონდრიანი (1872-1944)

Composition with Large Red Plane, Bluish Grey, Yellow, Black, and Blue

პიტ მონდრეანის ნამუშევარი Composition with Large Red Plane, Bluish Grey, Yellow, Black, and Blue, ამავე აუქციონზე 47,560,000 აშშ დოლარად გაიყიდა, ეს მონდრეანის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია.

ჟან-მიშელ ბასკია (1960-1988)

Baby Boom

ბოლო წლებში ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღევანდელი მონაცემებით, 2025 წელს მისი 31 ნამუშევარი გაიყიდა აუქციონზე; მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის რეკორდი 46,479,000 აშშ დოლარი ნამუშევრისთვის სახელწოდებით უსათაურო (ელმარ) წელს ჯერჯერობით ვერ მოიხსნა, მონაცემები მაინც შთამბეჭდავია, ლოტების უმრავლესობა სავარაუდო ფასზე უფრო ძვირად იყიდება. ამ წლის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი Baby boom კრისტის საღამოს აუქციონზე 23,410,000 აშშ დოლარად გაიყიდა მაისში, ნიუ იორკში.




ალბერტო ჯაკომეტი (1901-1966)

Grande tête mince

2024 წელს ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევრებზე მაღალი მოთხოვნისა და რეკორდული გაყიდვების მიუღედავად, მისი ნამუშევარი Grande tête mince, რომელიც მოლოდინით მინიმუმ 70 მილიონ აშშ დოლარად უნდა გაყიდულიყო, არ გაიყიდა. აუქციონი 64.25 მილიონზე გაჩერდა და საბოლოოდ ნამუშევარმა მყიდველი ვერ იპოვა. მოდერნისტული ხელოვნების საღამოს გაყიდვების ამ აუქციონზე წარმატებით გაიყიდა პაბლო პიკასოს Homme assis 15 მილიონ აშშ დოლარად და რენე მაგრიტის La Traversée difficile 10 მილიონ აშშ დოლარად, რაც, რა თქმა უნდა, მოლოდინთან შედარებით გაცილებით მცირე თანხაა.

მყიდველების ახალი თაობის გემოვნების გავლენა ხელოვნების გლობალურ ბაზარზე

დაღმავალი ტრენდების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ კვლევების თანახმად, მდიდრები უფრო მდიდრდებიან; 2023 წელთან შედარებით მილიარდერთა რიცხვი 2565-დან 2024 წელს 2769-მდე გაიზარდა. ამერიკის მოსახლეობის ტოპ ყველაზე მდიდარი 10%-ის სიმდიდრე $37 ტრილიონით გაიზარდა კოვიდის შემდეგ, რაც 45%-იანი ზრდაა. ხელოვნების ნიმუშებზე შემცირებული მოთხოვნა და მოსახლეობის სიმდიდრის ზრდა არ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში. ახალი თაობის გემოვნება და ინტერესი განსხვავდება წინა თაობებისგან - პოპულარულია აქსესუარები, ძვირად ღირებული სამკაულები და საათები, კლასიკური თუ თანამედროვე მანქანები და მემორაბილია [memorabilia], შესაბამისად, აუქციონის სახლებიც იძულებული არიან, ამ ცვლილებას მოერგონ.


Gooding & Co

კრისტის აუქციონების სახლმა 2024 წელს შეიძინა Gooding & Company - კლასიკური მანქანების აუქციონების სახლი, რომლის წყალობითაც კრისტის ფუფუნების ნივთების გაყიდვების საერთო ოდენობამ 29%-ით მოიმატა და ბოლო წლის განმავლობაში 486 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ქალი მხატვრები იპყრობენ მსოფლიოს

მარლინ დუმა (დ. 1953)

"მის იანვარი" (1997)

2025 წელი წარმატებულია ქალი მხატვრებისთვის, მარლინ დუმას ნამუშევარი Miss January (მის იანვარი) (1997) აუქციონზე 13.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, ხოლო თამარა დე ლემპიკას ნამუშევარი La Belle Rafaëla თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების აუქციონზე ლონდონში 7,475,000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც დაახლოებით, 10 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

ტამარა დე ლემპიკა (1894-1980)

La Belle Rafaëla

ძველი სტილის მხატვრობა ისევ მოთხოვნადია

ამ წელს გასაყიდად გამოტანილ იქნა საერთო მეპატრონის ძველი სტილის მხატვრობის ყველაზე დიდი კოლექცია, რომლის ჯამური ფასი 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო. ამ აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი იყო ნახატების წყვილი სახელწოდებით “ვენეცია” (10,500,000 აშშ დოლარი), რომლებიც ასახავენ “რას სთავაზობს ვენეცია მნახველს”.


ფრანჩესკო გუარდი

ვენეცია, A View of the Punta della Dogana and the Church of Santa Maria della Salute; A View of the Churches of San Giorgio Maggiore and Santa Maria della Salute

2025 წელს გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ძველი ოსტატის ნამუშევარი არის ილ კანალეტოს ვენეცია, რომელიც კრისტის აუქციონების სახლმა ძველი ოსტატების საღამოს აუქციონზე 31,935,000 ფუნტ სტერლინგად გაყიდა ($43,000,000).

დასავლური აუქციონის სახლები აზიის ბაზრებზე

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰონგ კონგის ხელოვნების ბაზრის გაძლიერებამ უბიძგა ყველაზე დიდ აუქციონის სახლებს - კრისტის, სოტბის, ფილიპს და ბონემს გაექსნათ სათაო ოფისები აზიაში, რაც იძლევა საშუალებას, პოტენციურ კლიენტებს უფრო მსხვილი აუქციონიონები და ძვირადღირებული ლოტები შესთავაზონ.

აზიის ბაზარზე აუქციონების სახლების გააქტიურების მიუხედავად, ჩინურ ბაზარზე ხელოვნების ნიმუშების შესყიდვა შენელებულია პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემის ფონზე. აუქციონების გაყიდვები ჰონგ კონგსა და დანარჩენ ჩინეთში 2024 წელს 33%-ით $576 მილიონამდე დაეცა წინა წელთან შედარებით, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2017 წლის შემდეგ.

ჩინური ხელოვნება

ჰონგ კონგი

აზიური ხელოვნების ბაზრისთვის შედარებით უფრო ღირებული ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებია. ჰონგ კონგში ჩატარებული აუქციონი სახელწოდებით ჩინური ხელოვნება სოტბის ამ წელს ჩატარებული ყველაზე ძვირად ღირებული აუქციონი იყო რეგიონში.

მცირე აზია - ახალი ჰორიზონტი ხელოვნების ბაზრისთვის




სოტბის აუქციონი

ელ-რეიდი, აბუ დაბი

მცირე აზიის ბაზარი ხელოვნების ნიმუშების ვაჭრობისთვის მიმზიდველია 2025 წელსაც, სოტბის აუქციონის სახლმა წინა წლის ბოლოს ოფიციალურად გამოაცხადა საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში ოფისის გახსნის შესახებ და წელს უკვე თებერვალში პირველი აუქციონიც ჩაატარა სახელწოდებით “საწყისები”. მოლოდინები დიდი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოლოდინები დიდწილად გამართლდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აუქციონის მონაწილეთა უმრავლესობა ფუფუნების საგნებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე - ხელოვნების ნიმუშებით.

ფერნანდო ბოტერო (1932-2023)

კაცი ცხენზე

აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი, რომელიც მოლოდინებით 1,000,000 - 1,500,000 აშშ დოლარად უნდა გაყიდულიყო, ფერნანდო ბოტეროს კაცი ცხენზე არ გაიყიდა.

ლუე კაიალი (1934-1978)

Then What??

ყველაზე მოთხოვნადი მაინც ადგილობრივი ხელოვანები იყვნენ, მათ შორის სირიელი მხატვარი ლუე კაიალი, რომლის ნამუშევარი “then what??” 900,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

კრისტის აუქციონის წარმატება და წლის ყველაზე ძვირადღირებული აუქციონები

პაბლო პიკასო (1881-1973)

Femme à la coiffe d'Arlésienne sur fond vert (Lee Miller)

წლის ყველაზე დიდი აუქციონი Barnes & Noble-ის მფლობელის მეუღლის მიერ გასაყიდად გამოტანილი პირადი კოლექციის ნაწილი იყო, რომლის ჯამური ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა და მოიცავდა მაგრიტის, პიკასოს, ჯაკომეტის, როდკოს და სხვა დიდი მხატვრების ნამუშევრებს. ეს აუქციონი სოტბის მიერ ჩატარდა ნიუ იორკში, სწორედ მის ფარგლებში გაიყიდა პიტ მონდრეანის ნამუშევარი - Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue by Piet Mondrian გაიყიდა რეკორდულ 47,560,000 მილიონ აშშ დოლარად, ხოლო პაბლო პიკასოს Femme à la coiffe d'Arlésienne sur fond vert (Lee Miller) - 28,010,000 აშშ დოლარად.

კლოდ მონე (1840-1926)

ვერხვები ელფის ნაპირას, ბინდი(Peupliers au bord de l’Epte, crépuscule)

წლის მეორე ყველაზე ძვირადღირებული აუქციონი კრისტის მიერ მაისში ჩატარებული მეოცე საუკუნის საღამოს გაყიდვა იყო (ჯამური თანხა 217,004,800 აშშ დოლარი). ამ აუქციონზე გაყიდული ორი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია კლოდ მონეს Peupliers au bord de l’Epte, crépuscule (ვერხვები ელფის ნაპირას, ბინდი) რომელიც 42,960,000 აშშ დოლარად და მარკ როტკოს No. 4 (Two Dominants) [Orange, Plum, Black] რომელიც 37,785,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

მარკ როტკო (1903-1970)

N4 (ორი დომინანდი) [ნარინჯისფერი, ქლიავისფერი, შავი]

"ფილიპსის" თავმჯდომარის შეიენ ვესტფალის პოსტიდან გადადგომა წლის დასაწყისში მეორე დიდი ცვლილებაა კომპანიაში ბოლო წელიწადში, რაც ცხადჰყოფს, რომ კომპანიის მენეჯმენტს და ფინანსებს საკმაოდ რთული გამოწვევები აქვს. წლევანდელი სეზონის პირველი ნახევარი იმედგამაცრუებელი იყო და აუქციონის სახლის ეს სეზონი ძირითადად შედარებით დაბალფასიანი ლოტებით შემოიფარგლება.

საინტერესო ცვლილებას ველით სექტემბრიდან ფილიპსის აუქციონებზე, ესაა ე.წ. "დინამიური მოდელი" ("dynamic model") და გადააზრებული საკომისიო გადასახადების სტრუქტურა. პოტენციურ მყიდველებს შეეძლებათ შეღავათიანი საკომისიო ტარიფებით სარგებლობა თუ ლოტზე ბიდს 48 საათით ადრე დადებენ. ვნახოთ რა შედეგს მოიტანს ფილიპსის ეს ახალი სტრატეგია და თუ მოჰყვება მისი ადაპტირება სხვა აუქციონის სახლების მიერ.

ArtTactic, 13 თებერვალი, 2025

ცვლილებები აუქციონების სახლებში და მოლოდინები

არასტაბილური ბაზრის მიუხედავად, მომავლის პროგნოზები ოპტიმისტურია. სტატისტიკის თანახმად, STR-მა ანუ აუქციონზე გატანილი ლოტების გაყიდვადობის მაჩვენებელმა მოიმატა ბოლო წლებში და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. აუქციონის სახლებისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული ცვლილება ამ სეზონზე არის ციფრულ ვაჭრობაზე და ფუფუნების საგნებზე მეტი ყურადღება, რაც იმედს იძლევა, რომ წლის ბოლო ხელოვნების გლობალური ბაზრისთვის ფინანსურად წარმატებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები