პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დამსაქმებლებისთვის საპენსიო ჯარიმების ამნისტიასა და სანქციების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო შენატანისა და საურავის გადახდის ვალდებულება კვლავ დარჩენილი აქვს 4 673 დამსაქმებელს (ჯამში 23.5 მლნ ლარის ოდენობით), რომელთაც 13.4 მლნ ლარის ჯარიმა აქვთ დაკისრებული.
რა ცვლილებები შედის კანონში:
- ჯარიმების ამნისტია: დამსაქმებლები 2025 წლის 1 მაისის შემდგომ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, თუ საპენსიო შენატანებსა და საურავებს სრულად დაფარავენ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
- ჯარიმის ოდენობის შემცირება: თითოეულ დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება (აქამდე პირველ ჯერზე 500 ლარი იყო, ხოლო განმეორებისას — 1 000 ლარი).
- 10-დღიანი საშეღავათო პერიოდი: დარღვევის გამოვლენისას დამსაქმებელს ეძლევა 10 სამუშაო დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად — თუ შენატანი ამ ვადაში დაიფარება, ჯარიმა გაუქმდება.
- განვადების შესაძლებლობა: საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა შესაძლებელი გახდება 18 თვემდე ვადით.
- დავების განხილვის სამსახური: საპენსიო ფონდში იქმნება დამოუკიდებელი დავების განხილვის სამსახური, რომელიც განიხილავს როგორც დამსაქმებელთა საჩივრებს, ისე მონაწილეებთან დაკავშირებულ საკითხებს (პენსიის დანიშვნა, სქემიდან გასვლა).






















