მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ საბაზისო პენსია“ – IDFI-მ საპენსიო რეფორმის შესახებ კვლევა მოამზადა

6427f19164a83
ელენე გოგბერაშვილი
01.04.23 15:33
928
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საპენსიო რეფორმის გამოწვევების შესახებ კვლევა მოამზადა. IDFI საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოების და საპენსიო აქტივების რისკიან პორტფელში განთავსების საჭიროებას ხედავს. რეკომენდაციებს შორისაა, ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ საბაზისო პენსია და გაიზარდოს საპენსიო ასაკის ზღვარი.

"გვჭირდება საპენსიო სისტემის ძირეული რეფორმა, რომელიც საპენსიო სააგენტომ ცვლილებების ინიცირებით ნაწილობრივ დაიწყო. საპენსიო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე ჩვენ რეალური ამონაგები 3.56% გვაქვს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინფლაციას. ასე ჩვენ ინფლაციას ფეხს ვერ ავუწყობთ, საჭიროა ცვლილებები, რაც საპენსიო სააგენტოს კომპეტენციის მიღმაა.

ესაა ის, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებმა არ მიიღონ საბაზისო პენსია. სხვაგვარად ეს მიზანი, რომ ბიუჯეტის და გადასახადის გადამხდელების -ტვირთი შემსუბუქდეს, იქნება შეუსრულებელი. მეორე, გაიზარდოს საპენსიო ასაკი. ამ მიმართულებით საჭიროა მომზადდეს გადაწყვეტილება საპენსიო ასაკის გასაზრდელად. ამ მიმართულებით მოძრაობა დაიწყო არაერთმა ქვეყანამ, გაიზარდა კიდეც, მათ შორის ბოლო ქვეყანა იყო საფრანგეთი.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა მთავრობამ დაიკავოს მანძილი საპენსიო სააგენტოსგან და მისცეს დამოუკიდებლობა. სტრატეგიულ პროექტებში ინვესტირება არის ქვეყნის, თუმცა არა საპენსიო სისტემის მონაწილეების ინტერესებში, რადგან ეს პროექტები მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სააგენტოს არ გააჩნია ამგვარი რისკების შეფასების გამოცდილება. სააგენტო ფინანსურ ინსტუმენტებში უნდა ახდენდეს ინვესტირებას და არა ინფრასტრუქტურულში“,-აცხადებს IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი.


საპენსიო სააგენტო საინვესტიციო მანდატის გაფართოების შესახებ IDFI-ის რეკომენდაციებს იზიარებს. სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი განმარტავს, რომ საპენსიო ასაკის ზრდაზე შიდა დისკუსიები არ ყოფილა, თუმცა რაც შეეხება განთავსების რისკიანობას, გოგა მელიქიძის განმარტებით, მიმდინარე წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს სამი განსხვავებული რისკიანობის პორტფელის არჩევა შეეძლებათ. ამასთან, თუ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები იმ ფორმით გავა, როგორც კანონპროექტშია, 2025 წლიდან მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას შეძლებენ.

„რაც შეეხება ახალი პორტფელის გამოჩენას, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში საპენსიო სქემის მონაწილეებს შეეძლებათ სამი სხვადასხვა რისკიანობის პორტფელი აირჩიონ. ასევე, 2025 წლის 1 იანვრისთვის უნდა მოხდეს გარე აქტივების მმართველების ჩართვა საპენსიო დანაზოგების მართვის ნაწილში. ანუ მონაწილეს წელს ექნება საშუალება სამი სხვადასხვა რისკიანობის პორტფელი აირჩიოს და 2025 წლის 1 იანვრიდან, თუ ეს ცვლილებები გავიდა, მას უკვე შეეძლება ამასთან ერთად აირჩიოს გარე აქტივების მმართველიც. აქ არ არის საუბარი, რომ მთლიანად იქით წაიღო თანხა, შეუძლია კომბინაცია ჰქონდეს, რაღაც ჰქონდეს საპენსიო სააგენტოში, რაღაც გარე აქტივების მმართველში, როგორც ასევე შეუძლია ჰქონდეს ნაწილი საშუალორისკიან პორტფელში, რაღაც ნაწილი მაღალრისკიანში“,-განმარტავს გოგა მელიქიძე.


პენსიონერების მზარდი რაოდენობის ფონზე IDFI პოლიტიკის განმსაზღვრელს საპენსიო ასაკის გასაზრდელად მუშაობის დაწყების რეკომენდაციას აძლევს. ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ საპენსიო ასაკის ზღვარის გაზრდა განხილვის საგანი იყო, თუმცა მის მიზანშეწონილობას ცენტრალური ბანკი ვერ ხედავს.

„როცა მეორე პილარის პენსიებზე ვსაუბრობდით, ბუნებრივია ეს თემები განხილულ იქნა, თუმცა იმ პირებისთვის, ვინც მეორე პილარში მონაწილეობს, მათთვის უნივერსალური პენსიის გაუქმება არამიზანშეწონილად არის შეფასებული. არ მგონია ვინმემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიცია შეცვალოს“,-აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები