მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, სუს-ის მიერ დღეს გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში კონკრეტული პირების ჩამოყვანას და მათ მიერ ქვეყანაში რევოლუციური მიზნებისთვის ახალგაზრდების გადამზადების საკითხს ეხება, ამერიკული მხარისგან განმარტებებს ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები თავიდან მათი ვიზიტის რეალური მიზნის დამალვას ცდილობდნენ. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა რეალურად, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენ ქვეყანაში,
რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAD, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება.
ჯერ იყო, გახსოვთ, აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა, ვხედავთ ისეთი სახის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგების სათაური არაძალადობრივი აქტივობაა, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის - არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით, რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა მას აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ასეთი პროცესები იგეგმება. გავიმეორებ, განსაკუთრებით, სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან ამასთან დაკავშირებით განმარტებების მოსმენა დაგვჭირდება.
რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ, გავუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ამ ქვეყანას არავის არ ავარევინებთ, არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.
სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია რომ ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომელიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ.