ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი და უნგრეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ზვიად ჭუმბურიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს აფასებს და არსებულ ვითარებაში, საგარეო საქმეთა მინისტრს მთავარი სამოქმედო გეგმის წარდგენას სთხოვს.
როგორც ჭუმბურიძე BMGDrive-ის ეთერში აღნიშნავს, საქართველომ უკვე გაიფუჭა ურთიერთობა იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებთანაც წლების განმავლობაში ჰქონდა ორმხრივი ურთიერთობები.
"ვინც არის დღევანდელი მოქმედი მინისტრი, მე მას არ ვიცნობ (რაც საინტერესოა, წლები ვიმუშავე აპარატში, ცოტაა ისეთი ხალხი, ვისაც არ ვიცნობ), მივმართავ, რას ვაკეთებთ? რა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ გეგმად? მივმართავ იმ დიპლომატებს და სკეპტიკოსებს, ამ პროცესებს არაადეკვატურ ჭრილში რომ უყურებენ, დამისახელონ სამი ქვეყანა, რომლებთანაც გვაქვს ძალიან კარგი, დალაგებული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ აზიურ ქვეყნებზე, ვიღაცა იტყვის მალაიზიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვსო, კი ბატონო, დაასახელონ ევროპაში. თუ დაასახელებენ უნგრეთს, მზად ვარ დავჯდე დებატებში დიპლომატებთან და გავარჩიოთ, რა არის უნგრეთი და რატომ არის მისი მხრიდან ინტერესი საქართველოსა და რეგიონზე.
რაც შეეხება ჩვენს პარტნიორთა და მეგობართა ჯგუფს, არა ევროკავშირის, არამედ ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, ჩვენ დავკარგეთ პოლონელები, ბალტიის ქვეყნები, როგორ შეიძლება, ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთთან საერთო ენა ვერ გამოვნახოთ?" - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
ყოფილი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ჰყავს გამოცდილი დიპლომატები, რომელთა რესურსსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყენებს. ჭუმბურიძე წარუმატებელი დიპლომატიის შესახებ აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის კონტექსტშიც საუბრობს.
"ეს არის დიპლომატიური კაზუსი. ძალიან არ მინდა, ჩემთვისაც შეურაცხმყოფელი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უკვე გადავედით ორღობის დიპლომატიაზე. როდესაც გვყავს უფროსი თაობის გამოცდილი დიპლომატები და შეგვიძლია, მათი რესურსი გამოვიყენოთ, უნიკალური გამოცდილება აქვთ უფროს თაობას, რაც სამწუხაროდ, არ არის გამოყენებული.
ჩავარდნილია ამჟამად აშშ-სთან მუშაობა და, რანაირად შეიძლება, თუ ურთიერთობების დალაგება გინდა, თედო ჯაფარიძეს არ ჰკითხო აზრი? საოცარი კაზუსი რა არის იცით? როცა ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ გადატვირთვის პროცესს დავიწყებთო, რა გადატვირთვაზეა საუბარი, რომელ გადატვირთვის პროცესზე, როდესაც იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ პრაქტიკულად არავინ გველაპარაკება. გამორიცხულია, არანაირი გადატვირთვის პროცესი არ და ვერ იქნება, ვერც ტრამპის ადმინისტრაციასთან", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე გააჟღერა ნარატივი, რომლის თანახმადაც, საქართველო არა თუ დაშორდა დასავლელ პარტნიორებს, არამედ ელის ურთიერთობების გადატვირთვას. კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი 20 იანვრიდან დაიწყება, რაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღია.