მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო შუა დერეფნის კონტექსტში, როგორც მთავარი მოთამაშე გაცილებით აქტიური უნდა იყოს - ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

"საქართველო, შუა დერეფნის კონტექსტში, გაცილებით აქტიური უნდა იყოს, როგორც მთავარი მოთამაშე" - ამის შესახებ BMG-სთან EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, შავი ზღვის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ისაუბრა.

თბილისში შავი ზღვის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) შავი ზღვის პლატფორმის (BSP) ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მისი მთავარი ფოკუსი რეგიონული დაკავშირებადობა, ტრანსპორტი და შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის გაძლიერებაა.

BMG-სთან საუბრისას EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპული კარიბჭის, განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ქვეყანა გაცილებით აქტიური მოთამაშე უნდა გახდეს.

"შუა დერეფანს საქართველოს გარდა ალტერნატივა ნამდვილად არ გააჩნია. საქართველო ცენტრალური აზიისა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ევროპული კარიბჭე, რასაც გვერდს ვერავინ აუვლის - ეს ჭეშმარიტად ასეა. საქართველო უნდა იყოს გაცილებით აქტიური, როგორც მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის კონტექსტში, ვინაიდან ჩვენ ვართ ის რგოლი, რომელიც შუა დერეფანს ევროპულ სივრცესთან და ევროპულ განზომილებასთან აკავშირებს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ ევროპელები და ჩვენ გვჭირდება საქართველოს ევროპული გზა", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

EUGBC-ის გენერალური მდივნის თქმით, წელს ღონისძიების მიმართ განსაკუთრებით მაღალი საერთაშორისო ინტერესია - კონფერენციას ცენტრალური აზიის ქვეყნების, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ლოგისტიკური სექტორის ათეულობით წარმომადგენელი ესწრება.

ორგანიზატორების ხედვით, პროცესი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს, სადაც საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციას გადამწყვეტი როლი ენიჭება:

"ჩვენ გვაქვს ორი ეტაპი: პირველი ისაა, რომ გვინდა, ეს კომპანიები მეორე ჩამოსვლაზე აუცილებლად ჩავიყვანოთ ფოთისა და ბათუმის პორტებში, რათა ადგილზე ნახონ და გაეცნონ, თუ როგორ ვითარდება საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოში და როგორ შეუძლიათ ცენტრალური აზიისა და რეგიონის ქვეყნებს ტვირთბრუნვისთვის შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.

მეორე ეტაპი კი კონსტანცას პორტთან პირდაპირი კავშირის დამყარებაა, სადაც ქართველები ვიქნებით მედიატორები", - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

როგორც ზვიად ჭუმბურიძე განმარტავს, კონფერენციის მთავარი მიზანი კრიტიკული და პრობლემური საკითხების ღიად განხილვაა, რადგან დერეფნის რეალურ მამოძრავებელ ძალას კერძო სექტორი წარმოადგენს.

"ჩვენ გვინდა მეტი შემოთავაზება, მათ შორის პრობლემური და კრიტიკული წინადადებები. ეს ეხება დიგიტალიზაციას, ტარიფებს, სარკინიგზო, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას - ფაქტობრივად ყველა კომპონენტს, რაც შუა დერეფნის რეალობაში არსებობს.

პირველ რიგში, მეტი შანსი უნდა მიეცეს ბიზნესს, იმიტომ რომ ბიზნესი ქმნის შუა დერეფანს, ბიზნესი ქმნის ტვირთების ნაკადს და ბიზნესი ქმნის ამ დერეფნის განვითარების პერსპექტივას. ამიტომ ბიზნესი იტყვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, IFC), ბიზნესასოციაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი. მათ შორის არიან BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე დიმიტრიოს რალისი, რუმინეთის კონსტანცას პორტის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ოპერატორთა ჯგუფი, უკრაინის ჩორნომორსკის პორტისა და ნიდერლანდების წამყვანი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები