ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგებაა, - ამის შესახებ ემარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ, წლიურ ჭრილში, 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული, 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე აღნიშნა, სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში.
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ.
საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და უკვე აქტიურად არის ჩართული მათი განხორციელების პროცესში. ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
























