მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაინტერესებული ვართ საქართველოსა და EU-ის, ასევე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენით - ფაშინიანი

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მეზობელ საქართველოს და ხაზი გაუსვა თბილისის დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობის მოწესრიგების მნიშვნელობას.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ერევანი მხარს უჭერს თბილისის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოსა და ევროკავშირის, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების აღდგენით. ესაა ჩვენი პოზიცია... გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა საქართველოსთან გაგრძელდება და გაღრმავდება. ის ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა მას ვინმე დასავლელი პოლიტიკოსებიდან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პრესკონფერენციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე არაფორმალური საუბარი უკვე ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

აღსანიშნავია, რომ კობახიძემ ფაშინიანს არჩევნებში წარმატება პირველმა მიულოცა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ხმების 9%-ზე ნაკლები იყო დათვლილი.

საქართველოსთან ერთად, პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ერევანი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, თუმცა, ამავდროულად, არ აპირებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას.

მანამდე, 9 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხებამ რაც შეიძლება მალე უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია ევროკავშირში ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესახებ, რათა მოხდეს „ინტელიგენტური განქორწინება“.

ამ საკითხს ფაშინიანი ჯერ კიდევ 1 ივნისს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სომხეთის არჩევანი ორ გაერთიანებას შორის დღესდღეობით თეორიულია, ხოლო ამ თემის რეფერენდუმზე გატანა დაუსაბუთებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები