მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაჯე“ ხის ავეჯის საწარმოს 2022 წელს გახსნის

61b1d349bb198
ელენე გოგბერაშვილი
10.12.21 09:40
1320
2022 წლის პირველი ნახევრიდან კომპანია „დაჯე“ ავეჯის მასობრივ წარმოებაზე გადადის. კომპანია თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე ახალ საწარმოს აწყობს, რაშიც დაახლოებით 60-70 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, დავით ბოჭორიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, მათ მიერ წარმოებული ავეჯი ასაწყობი და გასაშლელი კონსტრუქციისაა, თუმცა ავეჯის გარდა მათ საწარმოში ურბანული მებაღეობისთვის საჭირო ინვენტარიც დამზადდება.

კომპანია მომხმარებელს ურბანული ხაზის გარდა სკამებს, მაგიდებს და დეკორატიულ ავეჯს სთავაზობს. წარმოების შემადგენელი ნაწილია ასევე საბავშვო ინვენტარის ხაზიც, რაც ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ უფრო მასობრივად დამზადდება.

ბოჭორიშვილის თქმით, კომპანია გეგმავს ავეჯის რეალიზაცია მსხვილ სავაჭრო ცენტრებშიც დაიწყოს. „დაჯე“ ამ ეტაპზე ავეჯს მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის ამზადებს, თუმცა როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, წარმოების გაზრდასთან ერთად დიდი ალბათობით ქართული დასაკეცი ავეჯი ექსპორტზე ევროპის ბაზარზეც გავა.

პირველ ეტაპზე საწარმოში 5 ადამიანი დასაქმდება.

„დაჯე“ ეკოლოგიურად სუფთა ხის, კომპაქტური და უნიკალური მექანიზმის მქონე ავეჯია, რომელიც დავით ბოჭორიშვილმა მამის ექსპერიმენტების და მისი დიზაინპროექტის საფუძველზე შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები