საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს - BARTA-ს - მიღება წელს კიდევ უფრო მეტი კომპანიისათვის იქნება შესაძლებელი. ამიერიდან პირველადი განცხადებების წარდგენა როგორც პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ისე საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე (სდპ) ყველა პირს შეუძლია. კონკურსის გაფართოების მიზეზებზე “საქმიანი დილას” ეთერში ირინა გორდელაძე და გიორგი თაბუაშვილი საუბრობენ.
როგორც “მსოფლიო ბანკის” უფროსი კონსულტანტი, ირინა გორდელაძე, აღნიშნავს, წელს 120-ზე მეტ კომპანიას მიეცემა შანსი, BERTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდეს.
“გაფართოვდა იმ კომპანიების წრე, ვისაც კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ გასული წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა, ბევრმა კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, ეს წრე გაგვეფართოებინა.
წელს კიდევ უფრო საინტერესო იქნება დაჯილდოება. როგორც წესი, ყოველთვის კომპანიების წრე მონაწილეობდა დაჯილდოებაში და გამოიკვეთა რამდენიმე კომპანია, რომლებიც უფრო ხშირად იგებდნენ ჯილდოს. წელს, ვინაიდან, ახალი კომპანიებისთვის გაიღო კარი, დაახლოებით 120 მსხვილი კომპანიაა, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და ეს ახალი ტალღა შეცვლის დინამიკას და უფრო საინტერესოს გახდის კონკურსს”, - ამბობს ირინა გორდელაძე.
მისი თქმით, წელს BARTA-ს პარტნიორთა სიას ACCA, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კონკურსი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
“წელს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი შემოგვიერთდა - ACCA - სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი წევრი ჰყავს და საქართველოშიც ძალიან აქტიურია. ამ ორგანიზაციის შემოერთება ჩვენს კონკურსში იმაზე მიუთითებს, რომ ის საერთაშორისოდ არის უკვე აღიარებული. ორგანიზაციამ გამოყო ჟიურის წევრი, ძალიან საინტერესო პროფილით - მდგრადობის ანგარიშგების მიმართულება”, - აღნიშნავს ირინა გორდელაძე.
BMGTV-ს ეთერში ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, გიორგი თაბუაშვილი, კონკურსის მასშტაბებს აფასებს და აღნიშნავს, რომ BARTA-ს ჯილდო კომპანიებისთვის მათი აღრიცხვა-ანგარიშგება უმაღლეს დონეზე შეფასებას ნიშნავს.
“კონკურსმა უკვე სხვა დონეზე გადაინაცვლა, უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და სახელი ჩვენს ბიზნესგარემოში. ეს არის ძალიან კარგი საშუალება ბიზნესისთვის, რომ მათი საქმიანობა შეფასდეს, მოხდეს აღიარება, როგორც კომპანიის საიმედოობის, იმის, რომ მათთან აღრიცხვა-ანგარიშგება არის უმაღლეს, საერთაშორისო დონეზე შეფასებული”, - ამბობს გიორგი თაბუაშვილი.
წელს BARTA-ს კონკურსის საიუბილეო, მეხუთე წელია, რის გამოც კონკურსის ორგანიზატორები კიდევ უფრო საინტერესო დაჯილდოებას აანონსებენ. ჯილდოს მსურველებისთვის რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ცერემონია კი 14 დეკემბერს გაიმართება.