მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის არის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვა სისტემატურად აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“:

  • ფინანსური დავების განხილვა: ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ დავებს და ერთ-ერთ მხარეს თავიანთ ან მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ;
  • მუქარა და ზეწოლა: დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს:

  • კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები (რომლებითაც ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ);
  • ცეცხლსასროლი იარაღები;
  • ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლას აქტიურად განაგრძობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები