მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი ანდრია ლილუაშვილი - პროკურატურა

გრიგოლ ლილუაშვილი

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის კიდევ ერთი წევრი, ანდრია ლილუაშვილი. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

როგორც ცნობილია, წინა დღეებში ჩატარდა მაღალი დონის სამსახურების ყოფილი წარმომადგენლების, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკები. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტები, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფული.

დღეს კი, გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

დღეს, აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით", - თქვა პროკურორმა ბექა კვიციანმა ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები