მიკრობანკ "ემბისიში” (MBC) აცხადებენ, რომ შესაბამისი ლიცენზიის მიღებამ და დაკრედიტების ლიმიტის 100 ათასი ლარიდან მილიონ ლარამდე გაზრდამ მათი საკრედიტო პორტფელის ზრდა დააჩქარა.
როგორც “ემბისის” გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა BMG-ის განუცხადა, სესხის ლიმიტის ზრდამ მათ საშუალება მისცა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ბაზარზე შესულიყვნენ, რის შედეგადაც გასულ წელს მათი საკრედიტო პორტფელი 25%-ით გაიზარდა.
“ჩვენთვის 2025 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ვოპერირებდით უკვე საბანკო ლიცენზიის ფარგლებში. ძალიან კარგი წელი გვქონდა, უფრო ნაკლებად ოპტიმისტები ვიყავით წლის დასაწყისში, ვიდრე რეალურად შედეგები მივიღეთ. 25%-ით გავზარდეთ ჩვენი პორტფელი, რაც საშუალო ბაზრის ზრდაზე მაღალი იყო. რაც მთავარია, ჩვენ დავიწყეთ უკვე საბანკო პროდუქტების შეთავაზება. პირველ რიგში, აქ მინდა გამოვყო დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები.
მას შემდეგ რაც მივიღეთ მიკრობანკის ლიცენზია, ჩვენთვის სესხის ლიმიტი მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ის მომხმარებლები, რომელსაც ჩვენ ვკარგავდით იმის გამო, რომ მათი მოთხოვნილება იზრდებოდა სესხებზე და ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებდით, ახლა მათ ვინარჩუნებთ. გარდა ამისა, ჩვენ ახლა დავიწყეთ ფრთხილად, მაგრამ მაინც შესვლა ძალიან საინტერესო, მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ბაზარზე. ადრე ვიყავით ძირითადად მიკრო ბიზნეს სესხების ბაზარზე წარმოდგენილი და ახლა მცირე და უკვე საშუალო ბიზნესის დაკრედიტებასაც ნელ-ნელა მივუახლოვდებით. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესო და, მეორე მხრივ, ძალიან პერსპექტიული მიმართულება”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საფინანსო ბაზარზე ორი მიკრობანკია “ემბისი” და “კრისტალი”. 2026 წლის 4 თვეში ორი მიკრობანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 7.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. “კრისტალმა” მიმდინარე წლის ოთხი თვე ₾5.9 მილიონი ლარის მოგებით დახურა, ხოლო “ემბისიმ “ 1.2 მილიონი ლარის მოგება აჩვენა.




























