სირიის კულტურის სამინისტროს განცხადებით, დამასკოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი განყოფილებიდან ექვსი არტეფაქტი მოიპარეს.
ქურდობის ფაქტის გამო მუზეუმი დროებით დახურულია.
1919 წელს დაარსებულ მუზეუმში ათასობით არტეფაქტი ინახება, რომლებიც სირიის კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს. მუზეუმი გარკვეული პერიოდი დაკეტილი იყო, სირიის 14-წლიანი სამოქალაქო ომის და ასადის რეჟიმის დამხობის გამო. მიმდინარე წლის იანვარში კი, უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემის დამონტაჟების შემდეგ, მუზეუმი ისევ გაიხსნა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქურდებმა კვირას ღამით მუზეუმის ერთ-ერთი კარი შეამტვრიეს და რომაული პერიოდის ქანდაკებები მოიპარეს.
მოპარული არტეფაქტების შესახებ დეტალურ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მუზეუმის მენეჯმენტთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ ქურდობის შემდეგ "მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს”.
დამასკოს პოლიციის უფროსმა, გენერალმა ოსამა ატკემ, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს დაუდასტურა, რომ მუზეუმიდან რამდენიმე ქანდაკება გაიტანეს. ატკეს არ უსაუბრია დაკავებულთა რაოდენობის ან ვინაობის შესახებ, ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.




























