1 აპრილს ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოზე მიტანილი სარაკეტო იერიშის გამო, თეირანი, სავარაუდოდ, საპასუხო დარტყმისთვის ემზადება. ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც 13 ადამიანი, მათ შორის რევოლუციური გვარდიის 7 წევრი, ემსხვერპლა, ირანმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც იგი პირობას დებს, რომ გარდაცვლილებისთვის შურს იძიებს.
“ირანის საპასუხო დარტყმა განხორციელდება სწორ დროს, საჭირო მომზადებისა და დაგეგმვის შემდეგ, და გამოიწვევს მაქსიმალურ ზიანს, რათა მტერმა თავისი საქციელი ინანოს”, - განაცხადა ირანის გენერალური შტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაგერმა.
ისრაელი, რომელსაც თავდასხმის შემდეგ განცხადება ჯერაც არ გაუვრცელებია, ირანის თავდასხმისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებითა და ჯარების მობილიზებით ემზადება. უცხოური მედია იტყობინება, რომ არსებული პროგნოზით, ირანი ისრაელთან პირდაპირ კონფრონტაციაში შევა, რაც რეგიონში დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-თან საუბარში აღნიშნეს, რომ აშშ ცდილობს, ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განმუხტოს. ვაშინგტონში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში კი ირანი ამერიკას მოუწოდებს “განზე გადგეს და ნათანიუაჰუს მახეში არ გაებას”.