„კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელია სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების გადახდის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ ეს სექტორზე დადებითად იმოქმედებს.
BMG-თან საუბრისას შენგელია ამბობს, რომ მათ ბაზაში 406 ასეთი პირი ირიცხება და მათი დაბრუნება ინფრასტრუქტურულ თუ ადამიანური რესურსების სიმწირის თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, კითხვები არსებობს კვოტებთან და ვალის გასტუმრების მოდელთან მიმართებით, კერძოდ, გეგმავს თუ არა სახელმწიფო სრულად მათი დავალიანების დაფარვას, თუ უნივერსიტეტებს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
„ჩვენთან სულ 406 სტატუს შეჩერებული სტუდენტია, ეს ცხადია ამინდს არ ქმნის, თუმცა ვფიქრობ, რომ კავკასიის უნივერსიტეტისთვის და მთელი სისტემისთვის, ეს კარგი ამბავია. თვითონ ეს პრინციპი როგორც წავიდა სახელმწიფო და მე ვიცი რომ განათლების მინისტრის ინიციატივა იყო ეს, დადებითად იმოქმედებს მთლიანად განათლების სექტორზე, რადგან დამატებითი ფული სისტემისთვის მნიშვნელოვანია.
დეტალები არ ვიცი, ბევრი კითხვაა რომელიც დაისმევა, ამ დღეებში ალბათ შევხვდებით მინისტრს. მთავარია, რამდენს გადაიხდიან, როგორ გადაიხდიან, როგორ იქნება კვოტის საკითხი, სხვაც ბევრი ტექნიკური საკითხია, რომელიც იმედია მოგვარდება“, - განაცხადა შენგელიამ.
30 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტისთვის დავალიანების განულებაზე გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გასული კვირის ბოლოს გამოაცხადა. პროექტის ბიუჯეტი 40 მლნ ლარია და ის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს შეეხებათ.