"სასიამოვნო არაა, თუმცა ჩვენზე დიდად არ აისახება", - ასე აფასებს „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, კახა შენგელია სახელმწიფოს მიერ უმაღლესი სასწავლებლებისთვის საგრანტო დაფინანსების გაუქმებას.
"იმას უნდა მოერგო, რა მოცემულობაც არის - საბედნიეროდ, ჩვენი ფონდის საშუალებით გვექნება ბევრნაირი გრანტი, რაც გვქონდა იმაზე მეტი გვექნება უკვე წელს" - აცხადებს ის.
საქმე ისაა, რომ 2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის უფასო იქნება, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ კერძო უნივერსიტეტებს შორის "კავკასიის უნივერსიტეტი" მესამე პოზიციაზე საგრანტო დაფინანსებით წელს მიღებული სტუდენტების რაოდენობით. მან წელს 480 სტუდენტი მიიღო გრანტით, რომელთა საგრანტო დაფინანსება 657,450 ლარია.
BMG დაინტერესდა, როგორია "კავკასიის უნივერსიტეტის" პოზიცია ცვლილებასთან დაკავშირებით. როგორც კახა შენგელია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ეს თანხა მათთვის დიდად ამინდს არ ქმნიდა, ამიტომ ეს ფინანსურად სერიოზული დანაკლისი არ იქნება.
"რომ გითხრათ გამიხარდაო, ალბათ მოვიტყუები, იმიტომ, რომ არავის არ გაუხარდება თანხის დაკარგვა, მათ შორის განათლების სისტემას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის ეს კარგი, მაგრამ "კავკასიის უნივერსიტეტისთვის" ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ძვირად ღირებული სასწავლებელი ვართ, ალბათ ყველაზე ძვირი ვართ საქართველოში და ეს თანხა ჩვენთვის ამინდს არ ქმნიდა, მაგრამ რაც იყო იმის დაკარგვაც, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ფინანსურად, ჩვენთვის არ იქნება არანაირი სერიოზული დანაკლისი. პრობლემას ვერ ვხედავ. ფულის დაკარგვა არავის უხარია, მაგრამ მოცემულობა ასეთია და უნდა მოერგო იმას, რაც არის მოცემულობა", - ამბობს კახა შენგელია.
კითხვაზე, რეფორმის ფონზე, ხომ არაა მოსალოდნელი სწავლის გადასახადის კორექტირება, კახა შენგელია აღნიშნავს, რომ წელს ცვლილება არ იგეგმება.
"ფასს წელს ვტოვებთ, არც ვუმატებთ და არც ვუკლებთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ფასი კიდევ იმუშავებს წელს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაციაა და იმატებს ყველანაირი გადასახადი და ყველაფერი იმატებს, ხელფასებიც იმატებს, მათ შორის მაინც ვფიქრობთ, რომ წელს, რადგან გაურკვევლობაა, ჯერჯერობით, ფასებს არ შევცვლით", - ამბობს კახა შენგელია.
რაც შეეხება ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას და დაანონსებულ "ერთი ქალაქი -ერთი ფაკულტეტის" პრინციპს, კახა შენგელიას თქმით, ჯერჯერობით ვერ შეაფასებს, რადგან დეტალები ცნობილი არაა.
"არ მაქვს ჯერ ჩამოყალიბებული აზრი, იმიტომ, რომ არ ვიცი დეტალურად როგორ იქნება. იმედი მაქვს, რომ როგორც ქუხს, ისე არ წვიმს და ვნახოთ რა იქნება. როცა გამოვა მთელი ეს რეფორმა უკვე ქაღალდზე და წავიკითხავთ, მერე უკვე შემიძლია გავაკეთო კომენტარი", - ამბობს კახა შენგელია.
კახა შენგელიას თქმითვე, უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტი თანხის დახარჯვას გეგმავს სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით.
"ჩვენ გვექნება ძალიან ბევრნაირი გრანტები, რაც გვქონდა იმაზე მეტი გვექნება უკვე წელს. 15 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული უკვე სტიპენდიებში და გრანტებში. ასე, რომ ეგ ჩვენთვის პრობლემა არ არის და მეტს დავხარჯავთ კიდევ, რომ საუკეთესო ბავშვები გაიზარდონ საქართველოში",- აღნიშნა კახა შენგელიამ.
კითხვაზე, რამდენად სამართლიანია სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლა კერძო უნივერსიტეტში სურთ, საგრანტო დაფინანსების გაუქმება, კახა შენგელია ასე პასუხობს: "ხედვები ბევრნაირია. მე პირადად იმის მომხრე ვიყავი და ვარ, რომ ფული სტუდენტს უნდა მიბმოდა, მაგრამ რადგან ასე გადაწყდა და ალბათ, თვითონ უკეთესად იციან, რა არის უკეთესი და ასე, რომ ვნახოთ, გამოჩნდება, გაამართლებს, არ გაამართლებს, ხარისხი მოიმატებს, არ მოიმატებს, კონკურენცია მოიმატებს, არ მოიმატებს".




























